სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობისთვის დეპუტატებს მძიმე სანქციები ეკისრებათ

თუკი პარლამენტის წევრის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა ფაქტობრივად დასტურდება, ამ მიზეზით მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება - სანქცია მძიმეა , - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაცია პარლამენტის წევრების ამა თუ იმ კომპანიაში დირექტორად მონაწილეობის თაობაზე კომიტეტისთვის ახალი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში, ტექნიკურ ხარვეზს აქვს ადგილი.

“ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის ორი დეტალი. პირველი არის ის, რომ არიან პარლამენტის წევრები, რომლებიც სამეწარმეო საზოგადოებაში დირექტორებად ფიქსირდებიან და არის ე.წ. არადეკლარირებული სამეწარმაო საქმიანობები. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მუდმივად სწავლობს ინფორმაციას პარლამენტის წევრთა სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე. ე.წ. დირექტორებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩვენთვის ახალი არ არის. ჩვენ ამის თაობაზე ინფორმირებული ვართ. საკითხი შესწავლილი გვაქვს და პარლამენტის წევრებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ როცა ასეთი უზუსტობები არსებობს, რასაც ტექნიკური ხარვეზიც შეიძლება ვუწოდოთ, ეს მათ გამოასწორონ. როგორ წესი, მათი პასუხია, რომ ან საერთოდ არ ახსოვთ ასეთი კომპანიების არსებობის თაობაზე ან ამბობენ, რომ ეს არის მკვდარი კომპანიები, რომელიც არ ფუქნციონირებენ. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად შეიძლება ეს არ უკავშირდებოდეს ფაქტობრივად სამეწარმეო საქმიანობის განხირციელებას, ის რომ ამონაწერში პარლამენტის წევრი ამა თუ იმ კომპანიის დირექტორად ფიქსირდება, ეს, რა თქმა უნდა, არის დარღვევა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება ინფორმაციას დეპუტატების არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობების თაობაზე, კახიანის თქმით, აღნიშნულ საკითხს კომიტეტი არ სწავლობს და იმის შეფასება, თუ რამდენად სწორად არის დეკლარაცია შევსებული, საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციაა.

“ამ საკითხს მონიტორინგს ბიურო უწევს. ამ შემთხვევაშიც დეპუტატების მხრიდან არის პასუხი, რომ ან არ ახსოვდათ, ან ასეთი კომპანიები არ არსებობენ და ამ მიზეზით არ ხდება დეკლარაციაში ინფორმაციის შეტანა“, - აღნიშნა კახიანმა.