დიმიტრი ხუნდაძე - არანაირ კომპანიას, წილებს, ბიზნესაქტივებს არ ვფლობ

ერთი რამ მინდა შემოგთავაზოთ: „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, მედიასთან ერთად მოგვაძებნინოს ის ბიზნესკომპანია თუ საწარმო, რომელსაც თითქოს მე ვფლობ და გაგვაცნოს რაზეა საუბარი , - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ”საერთაშოროსო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიმართა.

როგორც დეპუტატის განცხადებაშია ნათქვამი, ის არანაირ კომპანიას, წილებს და ბიზნესაქტივებს არ ფლობს.

”ერთად მოვძებნოთ, რას ვფლობ. ”საერთაშორისო გამჭვირვალობას“ დიდ პატივს ვცემ, ვაფასებ მათ შრომას და ვეცნობი კიდეც ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებს. ამ კონკრეტულ ანგარიშთან დაკავშირებით კი შემიძლია მხოლოდ ერთი რამ გითხრათ და შემოგთავაზოთ: „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, მედიასთან ერთად მოგვაძებნინოს ის ბიზნესკომპანია თუ საწარმო, რომელსაც თითქოს მე ვფლობ და გაგვაცნოს რაზეა საუბარი. იქნებ ყველამ ერთად ვიპოვოთ და აღმოვაჩინოთ ის კომპანია, რომელსაც ორგანიზაციის კვლევით მე ვფლობ და ინფორმაცია არ გამაჩნია. ეს არის ჩემი შეფასებაც და შეთავაზებაც. თუ მსგავს კომპანიას მომაძებნინებენ, კმაყოფილიც ვიქნები და ჩემი შემოსავლებიც გაიზრდებოდა, თუმცა, არანაირ კომპანიას, წილებს, ბიზნესაქტივებს არ ვფლობ და არც მომავალში ვაპირებ ბიზნესსაქმიანობით დავკავდე, რადგანაც ეს ჩემი საქმე არ არის”, - ნათქვამია ხუნდაძის განცხადებაში.

„საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ხოლო 2 დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან”: ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.