დოლარი და ფინანსური ბაზარი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილების მოლოდინში

ამერიკული დოლარისთვის გასული კვირა რთული იყო.

ამას განაპირობებდა არა მხოლოდ ამერიკის ეკონომიკის შედარებით სუსტი სტატისტიკური მაჩვენებლები, არამედ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული, მორიგი საცდელი რაკეტით გამოწვეული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციაც.

და მაინც, ამერიკულ ვალუტას, ბრიტანული სტერლინგის გარდა, ყველა სხვა ძირითად ვალუტასთან მიმართებით ზრდა ჰქონდა.

ერთი შეხედვით, ამერიკული დოლარის გამყარების ძირითადი მიზეზი, ამერიკული საფონდო ბაზრის რეკორდულ მაჩვენებლებამდე ზრდა და სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობის უწყვეტი ზრდა უნდა ყოფილიყო. მთავარი მაინც ინვესტორთა მოლოდინია, რომლებიც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხვალინდელ შეხვედრაზე ქორულ განწყობას ელიან.

შეხვედრაზე ფედერალური სარეზერვო სისტემისგან დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას არავინ ელის. თუმცა მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკი დაიწყებს იმ უზარმაზარი აქტივების გაყიდვას, რომლებიც ეკონომიკის სტიმულირების პროცესში, ეგრეთ წოდებული რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამის განხორციელებისას დაუგროვდა. ეს კი გარკვეული ფორმით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების ტოლფასია, რასაც აუცილებლად მოჰყვება დოლარის კურსის გამყარება.

გარდა ამისა, ინვესტორები ჯანეტ იელენისგან ელიან მინიშნებას იმაზე, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევას დეკემბერში აპირებს. თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა აღიარებს, რომ ეს წელს აღარ მოხდება, რადგან ფედრეზერვის წევრთა უმეტესობა შესაბამის განწყობას არ ავლენს. მართალია, ფედერალური სარეზერვო სისტემის ბოლოს სხდომის შემდეგ, ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენარჩუნდა, მაგრამ მასზე ცუდი გავლენა იქონია ქარიშხალმა ჰარვიმ, რომლის მიერ მიყენებული ზარალიც ას მილიარდ დოლარზე მეტია.