ავტომობილის შესაკეთებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 77 754 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

სამინისტროს ბალანსზე დარიცხული ”ფოლკსვაგენ ფაეტონის” ტექნიკური მომსახურებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 77 754 ლარია. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი - 5 ათასი ლარი.

პრეისკურანტში ჩამოთვლილია ყველა ის სათადარიგო ნაწილი თუ მომსახურება, რაც ავტომობილს შეიძლება დასჭირდეს. ამ ყველაფერს თან საბაზრო ღირებულებებიც ახლავს, თუმცა აღნიშნულია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს იმ დღისათვის მიმწოდებლის სერვისცენტრში დაფიქსირებული ფასით, რომელიც შეიძლება ნაკლები იყოს ფასების ცხრილში არსებულ ფასებზე და არ უნდა აღემატებოდეს მათ.

მომწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პროცესში გამოიყენოს ახალი, და არა მეორადი სათადარიგო ნაწილები. ასევე, მან სამინისტროს ავტომობილს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას გულისხმობს.