24 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში Bridgestone Black Sea Cup-2017 გაიმართება

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 24 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში Bridgestone Black Sea Cup-2017 გაიმართება, რომელსაც წარმოადგენს „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსთოუნი“, ხოლო გენერალური სპონსორია „მოტული“.

”თეგეტა მოტორსის” ინფორმაციით, წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართება, რომელშიც ავტომობილების 3 სხვადასხვა კლასი მიიღებს მონაწილეობას: ”ფორმულა ალფა”, ”ლეგენდა ქარს” და ”კომპაქტ კლასი”. შეჯიბრი გაიმართება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით.

”ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017“-ის საპრიზო ფონდი შეადგენს 12 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება სამივე კლასში, გამარჯვებულ მრბოლელებს შორის. ღონისძიებას დაესწრებიან „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი კომპანიების Bridgestone, Motul და Bosch-ის წარმომადგენლები იაპონიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.

ღონისძიება ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით.

რბოლაზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორები არიან: „პალიტრა მედია“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, რადიო „იმედი“, „კომერსანტი“, მარკეტერი, და ტელეკომპანია TV პირველი.