„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ გაზსადენის ახალი საჰაერო გადასასვლელის მშენებლობის ღირებულება 1 421 574 ლარია

ენერგეტიკის მინისტრმა და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე აშენებული ახალი საჰაერო გადასასვლელი დაათვალიერეს , - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, სტეფანწმინდაში მედიატურის ფარგლებში იმყოფებიან.

"ეს არის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რადგან ამ ინფრასტრუქტურაზეა მთლიანად დამოკიდებული სომხეთისთვის გაზის მიწოდება. ასევე, ჩვენი ქვეყანა ამ სატრანზიტო ხაზიდან მიიღებს გადასახადებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიგრძისა და მასშტაბის მილსადენი მსოფლიოში არ არსებობს", - აღნიშნა მინისტრმა.

„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადიოდა, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა. ახალი გადასასვლელის ექსპლუატაციაში მიღებით ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და გაზმომარაგების სისტემა დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისგან.

მშენებლობის ღირებულება 1 421 574 ლარია (მილებისა და სხვა ძირითადი სამშენებლო მასალების ღირებულების გარეშე). საჰაერო გადასასვლელის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს „ელიტაბურჯმა“ განახორციელა.