განათლების სამინისტრო - სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის პრობლემა აღმოფხვრილია

განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცულია და მონიტორინგს რაიმე სახის დარღვევა ჯერ არ აღმოუჩენია.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლებში მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

„მდგომარეობა ყველგან მაქსიმალურად გამოსწორებულია. სადაც ადრე არ იყო სახარბიელო, იმ გაფრთხილების შემდეგ, რაც მინისტრის მხრიდან სკოლებს მიეცათ, ადმინისტრაცია ამ პროცესს მკაცრად აკონტროლებს. შედეგი ესაა - საპირფარეშოებში პრობლემა აღმოფხვრილია,“ - განუცხადა მან „ინტერპრესნიუსს.“

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებიც სკოლების საპირფარეშოებმა უნდა დააკმაყოფილონ, მისი თქმით, საპირფარეშო სველი წესით დამუშავებული უნდა იყოს, ჰიგიენის ყველა ნორმა კი - დაცული. ამაში იგულისხმება წყალი, საპონი, ხელსახოცი და ა.შ.

მისივე თქმით, მონიტორინგი სკოლებში შემთხვევითი შერჩევით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შედის.

„ჩვენ სისტემატიურად ვიღებთ ამის შესახებ ინფორმაციას და მზად ვართ, რომ მშობელი მოგვმართავს თუ ბავშვი, გავითვალისწინოთ,“ - დასძინა მან.

რაც შეეხება სანქციებს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ასათიანის თქმით, თავდაპირველად იგი გაფრთხილებას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში კი იმის მიხედვით მოქმედებენ, თუ რა ტიპის დარღვევაზეა საუბარი.

„ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მშობელმა აცნობა, რომ კონკრეტული საჯარო სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცული არ არის, არ იკეტება კარი, ასევე არსებობს საპნის და ხელსახოცის პრობლემა.