ნიკოლოზ გაგუა - რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს საქართველოს , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ADB-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მეთიუ ფოქსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, ნიკოლოზ გაგუას თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბანკის ჩართულობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, კონკრეტულად, მისი ყველაზე რთული - რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის თვალსაზრისით.

„აზიის განვითარების ბანკი სრულად ახორციელებს აღნიშნული მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და დიზაინს, ასევე, ბანკი დააფინანსებს ამ გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის მშენებლობას. ასევე, მნიშვნელოვანია თბილისი-ლარსის გზის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, საპენსიო რეფორმის კანონმდებლობა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონპროექტი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაშია.

„აზიის განვითარების ბანკიც აღიარებს, რომ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო მათი მხარდაჭერით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ლიკა ამირაშვილი