„რეზონანსი" - ქვეყანა "აირის ბომბზე" ზის

გაზგასამართ სადგურებზე ტექნიკური მოწყობილობა და უსაფრთხოება არ კონტროლდება.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მართალია, ბოლო დროს რეგულაცია გამკაცრდა, გაზგასამართი სადგურების მშენებლობის ნებართვა გართულდა, მაგრამ უკვე არსებული გაუმართავი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თითქმის არაფერი კეთდება.

მსხვილ გაზგასამართ სადგურებზე მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ არის პუნქტები, სადაც გაზი პირდაპირ ცისტერნებიდან იყიდება. ერთეული შემთხვევის გარდა, თხევადი აირის (LPG) სარეალიზაციო ობიექტები ტექნიკური უსაფრთხოების ნორმას არ აკმაყოფილებს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა პირდაპირ საფთრხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.

კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი, ინჟინერი ნოდარ რამიშვილი განმარტავს, რომ გაზი გაჟონვისას სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, რის გამოც გათხევადებული გაზის მონტაჟი უნდა მოხდეს მაღალ დონეზე და ყველა წესის დაცვით, რაც მისი ტექნიკური გამართვისთვის აუცილებელი პირობაა.

"ბუნებრივ აირზე სტანდარტული წნევა არის 200 ატმოსფერო, ჩვენთან – 250-270-ზე ტუმბავენ. გარდა ამისა, თხევადი აირის შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური ბალონი, რომლის გამოცდა ხდება 25 ატმოსფეროზე (კგ/სმ2-ზე), ხოლო მისი გაგლეჯა - 70 ატმოსფეროზე, თუმცა ყველაზე მაქსიმალური ტემპერატურის (პლუს 50 გრადუსის) დროს, 16 ატმოსფეროა. გათხევადებული აირის შემთხვევაში, მუშა წნევა, საშუალოდ, არის 4-დან 8 ატმოსფერომდე. ასე რომ, დაბალი წნევით ხასიათდება. მთავარია არ გაჟონოს, ეს არის თხევადი გაზის ერთადერთი ნაკლი ბუნებრივ აირთან შედარებით.

მისი ფარდობითი სიმკვრივე ჰაერთან შედარებით 2-ჯერ მძიმეა და ვენტილაცია უნდა იყოს იდეალურად გაკეთებული, როცა მანქანა ამ ტიპის საწვავზე გადაგყავს ანდა შესაბამის დასატუმბ სადგურს აკეთებ", - აცხადებს ნოდარ რამიშვილი.

გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირები (LPG) ფეთქებადსაშიშია, ადვილად აალებადი პროდუქტი და მისი განთავსება უნდა მოხდეს უსაფრთხოების წესების სრული დაცვით წნევაზე მომუშავე ჭურჭელში. თუმცა, ეს ნორმა, უმეტეს შემთხვევაში, დარღვეულია.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ იობაშვილი განმარტავს, თხევადი აირის პუნქტები, მათ შორის, საბითუმო ბაზები, მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებს წარმოადგენენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარევაჭრობის სტილში, კუსტარული ობიექტების სახით.

ავტოცისტერნები საერთოდ ფუნქციობენ ტექნიკური უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმების წესების დაცვის გარეშე. ეს ეხება როგორც წნევაზე მომუშავე ჭურჭლის უსაფრთხო ექსპლოატაციას, ასევე ნორმებსაც. მაგალითად, ობიექტებს არ გააჩნიათ მეხამრიდები, სახანძრო დაფები და სხვა სავალდებულო ინვენტარი.

"უნებართვო სტაციონარებია ქვეყანაში და ეს ქმნის პრობლემას. ცეცხლსაშიშ ობიექტებს აუცილებლად სჭირდება ნებართვა, რომ უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. აჭარას აქვს თავისი ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექცია, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას. ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა, ადამიანი დაიღუპა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც პასუხი უნდა აგონ. ანალოგიური სტაციონარები მთელი საქართველოს მასშტაბით მრავლადაა.

ჩვენ დამოუკიდებლად ვსწავლობთ ამ ფაქტს. ბათუმში საკუთარ ჭიშკართან რომ დადგა ურნა, ამის უფლებას არ მოგცემენ და როგორ მოხდა დასახლებულ პუნქტში უნებართვო ცეცხლსაშიში ნივთიერების სტაციონარი? ამ კვლევებს გადავცემთ სამართალდამცავ ორგანოებს და რეაგირებას დაველოდებით.

ჩრდილოეთ ოსეთიდან თხევადი აირი ჩამოდის მანქანებით და უნებართვო ბიზნესი წარმოებს. ეს პროდუქტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყიდება. არცერთი მოქმედი ლაბორატორია არ გვაქვს, რომ თხევადი აირი შევამოწმოთ. განსაკუთრებით, როცა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოდის პროდუქტი, მას სჭირდება კონტროლი. უნდა ვიცოდეთ, რას მოვიხმართ, რომ საკუთარი მოსახლეობა დავიცვათ. ლაბორატორიული შემოწმება უნდა მოხდეს, ეს აუცილებელი მოთხოვნაა", - განუცხადა "რეზონანსს" ვახტანგ იობაშვილმა.

სახელმწიფოს ძალისხმევა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯერჯერობით შემოიფარგლა იმით, რომ გაზგასამართ სადგურებს, ისევე როგორც ავტოგასამართ სადგურებსა და ავტოგასამართ კომპლექსებს, მაღალი რისკის მქონე ნაგებობების კატეგორია მიენიჭა. ეს ნიშნავს, რომ ამ სახის ნაგებობების ასაშენებლად, დემონტაჟისა და რეკონსტრუქციისთვის საგანგებო ნებართვა იქნება საჭირო, რომელიც სათანადო დასკვნის საფუძველზე გაიცემა.

განსაკუთრებული რისკის შემცველ ობიექტებზე შესაბამის ლიცენზიას ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო გასცემს. ეს უწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, ნებართვის გაცემის დროს მნიშვნელოვანია გაზგასამართი სადგურის რეზერვუარის სიდიდე. მცირე სადგურების შემთხვევაში ნებართვას ადგილობრივი თვითმმართველობაც გასცემს. ეს არის და ეს, რაც რეგულაციების დონეზე ხდება.

ქართულ ბაზარზე გათხევადებული ავტოგაზის ერთადერთი შემომტანი "ჯორჯია გაზ იმპორტია". კომპანიის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია გაზგასამართ სადგურებსა და მცირე სარეალიაციო პუნქტებში პრობლემის მიზეზად ამ ბიზნესის წარმომადგენელთა დაუდევრობას მიიჩნევს.

"ვერ ვიტყვი, რომ კონტროლი არ ხდება. უსაფრთხოების სტანდარტის დაცვაზე მეწარმემ თავად უნდა იზრუნოს. არცერთი უწყება არ არის ვალდებული, რომ უშუალოდ დატუმბვის პროცესს დაესწროს და შეამოწმოს, რამდენად კეთილსინდისიერად იქცევა რეალიზატორი. ასეთი რამ არსად ხდება. ყველა შემთხვევაში პრობლემა დაუდევრობით და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამოა. რაც არ უნდა მოწმდებოდეს, თუ ადამიანი არასწორად მოიქცევა, პრობლემა ყოველთვის იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ ბათუმში მომხდარი აფეთქების ფაქტს, ის იყო გათხევადებული გაზის სარეალიზაციო წერტილი და უბედური შემთხვევა ჩასხმის დროს მოხდა. ყურადღება არ მიაქციეს, გადაივსო ბალონი და ამან აფეთქება გამოიწვია. დენიც არანაკლებ საშიშია, თუ მას იზოლაციას არ დავახვევთ და უსაფრთხოების ზომებს არ დავიცავთ.

ცისტერნიდან გაზის გაყიდვა არის წარმოუდგენელი რამ, რის ანალოგსაც ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ვერ ნახავთ. დღეს მთელი მსოფლიო იყენებს თხევად გაზს, მაგრამ ეს ხდება სტანდარტის დაცვით. არსებობს საერთაშორისო ნორმები, რაზეც მეცნიერები მუშაობენ და შემდეგ მისი დანერგვა ხდება. ადამიანური ფაქტორია, პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს დაბალი და ეს არის ჩვენი პრობლემა", - აცხადებს ნიკა ხოფერია.

სპეციალისტების ინფორმაციით, გაზის ხარისხის კონტროლი არ ხდება და არც გაზგასამართ სადგურებში არსებულ ინფრასტრუქტურას ამოწმებენ, რაც საბოლოოდ საფრთხეს უქმნის როგორც იქ მომუშავე ადამიანებს, ასევე მომხმარებლებსაც. ისინი "რეზონანსთან" საუბრისას ხაზს უსვამენ გაზის ტექნიკურ მახასიათებლებს და განმარტავენ რამდენიმე მიზეზს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აფეთქდეს გაზი.

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი თემურ ფილიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში უხარისხო გაზი შემოდის და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან კონტროლი გასაძლიერებელია.

"როგორც წესი, თხევადი და ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი პარამეტრიც არის სპეციფიკური სუნი. თვითონ გაზს – მეთანს თუ პროპანბუტანს - არ აქვს სუნი, მასში სპეციალურად ამატებენ ისეთ ნივთიერებას, რომელიც სპეციფიკური სუნით ხასიათდება. ეს დანამატი რომ არ ჰქონდეს გაზს, ვერავინ მიხვდება, სად ხდება გაჟონვა. შეიძლება გაჟონოს გაზმა ან მილებში, ან თვითონ მოწყობილობაში. ამისგან არავინ არის დაზღვეული.

მნიშვნელოვანია ტექნიკური მოწყობილობაც, მაგრამ ხარისხის კონტროლიც უნდა ხდებოდეს. სხვადასხვა სტანდარტი არსებობს კომუნალურ და საავტომობილო ტრანსპორტში გამოყენებული გაზისთვის, მაგრამ ამასაც რომ არავინ ამოწმებს! ხან ერთი მიზეზი ჩნდება აფეთქების, ხან -მეორე. ამიტომ რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს როგორც ხარისხი, ასევე გაზგასამართ სადგურებში დამონტაჟებული აპარატურა.

გაზს, რომელიც კომუნალური დანიშნულებით მოიხმარენ, 45 გრადუსზე გახურების შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ადვილად აქროლადი ნივთიერებები, რომ ძალიან დიდი წნევის წარმოქმნა არ მოხდეს. ამან შეიძლება მოახდინოს სადღაც ნაპრალის გაჩენა (თუ გაზი უხარისხოა) და გაჟონვა. ქვეყანაში შემოსული გაზის შემოწმება არ ხდება. მარტო ტექნიკური გამართულობა ვერ მოგვცემს შედეგს, თუ არ გვეცოდინება რეალურად რა ხარისხის აირს მოვიხმართ ქვეყანაში", - განუცხადა "რეზონანსს" თემურ ფილიშვილმა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"