ზაჰესის ხიდთან გზის ნაწილის ჩანგრევასთან ერთად, სავარაუდოდ, წყლის 1000-მილიმეტრიანი მილიც დაზიანდა

ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის ჩანგრევასთან ერთად სავარაუდოდ წყლის 1000-მილიმეტრიანი მილიც დაზიანდა.

როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა განაცხადა, ადგილზე მათი კომპანიის ბრიგადები იმყოფება და პრობლემის დიაგნოსტირებას ახდენენ.

„შემოვიდა ინფორმაცია, რომ მოხდა გზის ნაწილის ჩანგრევა. ჩვენი ბრიგადები ოპერატიულად მივიდნენ ადგილზე და ახლაც იქ მუშობენ. ჯერჯერობით ჩვენთვის მომხდარის მიზეზი უცნობია. ჩანს, რომ წყლის მილია დაზიანებული. ჩანგრევის შედეგად დაზიანდა, თუ რამ გამოიწვია, ამას გავარკვევთ. წყლის მიწოდებაც უკვე დაკეტილია. სამუშაოები ალბათ დღის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა მამუკა კიკალეიშვილმა.

მისივე თქმით, წყალი ურდულით დაიკეტა და ჯერ აბონენტებს წყლის მიწოდება არ შეწყვეტიათ.

„ადგილზე რამდენიმე მაგისტრალური წყალსადენი მილი გადის. სავარაუდოდ, 1000 მილიმეტრიანი მილი დაზიანდა. ჯერჯერობით აბონენტებს წყლის მიწოდება არ შეწყვეტიათ. ახლა უბრალოდ ურდულით დაიკეტა და თუ წყლის მიწოდების შეზღუდვა მოგვიწევს, ამის შესახებ აბონენტებს ესემესებით შევატყობინებთ“, – აღნიშნა მამუკა კიკალეიშვილმა.