რაში ხარჯავს პუტინი თავის გასაიდუმლოებულ ქონებას

ზუსტად არავინ იცის, რამდენია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მას მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად ასახელებს, კრემლის ცნობით, პუტინის ყოველწლიური შემოსავალი 133 ათას აშშ დოლარს შეადგენს და ქვეყნის ლიდერი პატარა ბინაში ცხოვრობს.

როგორც ბრიტანული Independent-ი წერს, რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინის ქონება დაახლოებით 70 მილიარდ დოლარს შეადგენს. Hedge fund-ის მენეჯერის, ბილ ბროუდერის ვარაუდით კი პუტინი 200 მილიარდი დოლარის მფლობელია.

ვლადიმერ პუტინის ოფიციალური რეზიდენცია მოსკოვში, კრემლშია. თუმცა, ქვეყნის ლიდერი დროის უმეტეს ნაწილს გარეუბნის სამთავრობო რეზიდენციაში ატარებს, რომელიც ნოვო-ოგაროვოში მდებარეობას. არაოფიციალური ინფორმაციით, პუტინის მფლობელობაშია 20 სახლი და ვილა.

კრემლის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, პუტინი მოკრძალებული უძრავი ქონების მფლობელია. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს მიწის პატარა ნაკვეთი ეკუთვნის, სახლითა და ავტოფარეხით. თუმცა, წლების განმავლობაში პუტინის სახელს სხვა სახლებსაც უკავშირებდნენ. ყველაზე საკამათო მათ შორის მისი ე.წ. „საიდუმლო სასახლეა“. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა შენობა არალეგალურად, სახელმწიფო თანხებით ააგო, რისთვისაც 1 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. სასახლეს საკუთარი თეატრი და 3 ვერტმფრენისთვის განკუთვნილი ადგილი აქვს.

2012 წელს პუტინის პოლიტიკური კონკურენტის მიერ გამოქვეყნებული დოსიეს მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს რამდენიმე პირადი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და იახტა აქვს.

პუტინს ასევე „აბრალებენ“ 58 სხვადასხვა ტიპის ავიატრანსპორტის ქონას, მათ შორის სახელდება 19-ადგილიანი Dassault Falcon. წყაროების მიხედვით, ერთ-ერთი თვითმფრინავის კაბინა 11 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი ქვებითაა მორთული. ამავე ცნობების მიხედვით, პუტინს 186-ადგილიანი 5 თვითმფრინავი ჰყავს.

გარდა ამისა, პუტინს 4 იახტა ჰყავს, რომელთა შენახვა ყოველწლიურად ათასობით დოლარი ჯდება. იახტებს შორის ერთ-ერთი „როსსია“ 2005 წელს გააუმჯობესეს და ამჟამად, მისი ფასი 1.2 მილიარდი დოლარია. მის მეორე იახტას , The Graceful-ს კი ექვსი საძინებელი აქვს, ხოლო იახტა Olympia-ს ფასი 35 მილონი აშშ დოლარია. ეს უკანასკნელი პუტინს რომან აბრამოვიჩმა აჩუქა.

გარდა ტრანსპორტისა, რუსეთის პრეზიდენტის ძვირადღირებულ ქონებას საათებიც შეადგენს. არაოფიციალური ცნობებით, პუტინის 11 საათის საერთო ღირებულება 687 ათასი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ წარსულში რუსეთის პრეზიდენტი ორ ძვირად ღირებულ საათს შეელია. ორივე მათგანი Blancpain-ის ბრენდის იყო. ერთი საათი რუსეთის ლიდერმა ციმბირელ ბიჭს აჩუქა, ხოლო მეორე- ქარხნის მუშას. თითოეული საათის ღირებულება 10. 5 ათასი აშშ დოლარია.

აქსესუარებთან ერთად ვლადიმერ პუტინი დიდ თანხებს ჩაცმაზეც ხარჯავს. ბენ ჰუდაის მიერ გამოცემულ წიგნში, რომელიც 3 წელი იკვლევდა რუსეთის პრეზიდენტის ჩაცმულობას, წერია, რომ ყველაზე მეტად პუტინს შეკვეთით შეკერილი კოსტიუმები და ვალენტინოს ჰალსტუხები უყვარს. ზემოხსენებულს, რუსეთის სახელმწიფო გაზეთი Russia Beyond the Headlines-ც ადასტრებს. 2015 წელს დაბეჭდილ სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ლიდერს Kiton-სა და Brioni-ს კოსტიუმები აცვია, რომლებსაც სპეციალურად მისთვის კერავენ. მათ შექმნაზე რამდენიმე ათობით საათია დახარჯული, ხოლო ფასი 5 500 აშშ დოლარიდან იწყება. ამავე გამოცემის თანახმად, პუტინს ჰყავს პირადი სტილისტიც, რომელიც მას 10 წლის განმავლობაში ემსახურება. სტილისტის მოვალეობაშ სხვა ყველაფერთან ერთად ისიც შედის, რომ ტანსაცმელს ლეიბლი მოაძროს, რათა ჟურნალისტებმა შემთხვევით არ მოჰკრან თვალი პრეზიდენტის ტანსაცმლის ბრენდს.

იხილეთ აგრეთვე: პუტინის ქონება დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია

პუტინი - არ ვარ ისეთი მდიდარი, როგორც ამბობენ