ვერტიკალური პარკირების პროექტის ავტორებს მერიისგან ნებართვა ჯერ ისევ არ მიუღიათ

კუს ტბა, ისანი, პავლოვი - ამ ლოკაციებზე ვერტიკალური პარკინგების დასადგმელად რეალური შეკვეთები უკვე არსებობს.

თუმცა, როგორც პროექტის ავტორი მალხაზ ცისკარიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კონსტრუქციის დასადგმელად მერიის არქიტექტურის სამსახურისგან გარკვეული ნებართვებია საჭირო. მისი თქმით, წერილები მერიაში გაგზავნილია და ახლა მათი მხრიდან პასუხს ელიან.

„რეალური შეკვეთები გვაქვს. საუბარია თითო ობიექტზე 7-8-10 სისტემის დამონტაჟებაზე. ბათუმიდან იყვნენ რამდენჯერმე ბიზნესმენები, ასევე თბილისში - ისანში, კუს ტბაზე, პავლოვის ქუჩაზე უნდათ პარკირების სისტემის დადგმა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვაა საჭირო და ამის გამო შემკვეთებიც თავს იკავებენ. მაგალითად, პავლოვის ქუჩაზე 2 კონსტრუქციის დადგმა უნდათ, თუმცა შიშობენ, რომ ფულს გადაიხდიან, მერია კი დადგმის უფლებას არ მისცემს. ქალაქის მერია ბიუროკრატიაში გაიჭედა და იმედი გვაქვს ეს ბიუროკრატიაც დაძლეული იქნება. წერილები გვაქვს დაწერილი და პასუხებს ველოდებით. ამასთან, ახლა თავიდან გვიწევს იმ სპეციალისტების შეკრება, რომლებსაც გაცდენილი 4 თვის განმავლობაში სამუშაოს არარსებობის გამო ხელფასს ვერ ვუხდიდით და სხვაგან გააგრძელეს საქმიანობა“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

ვერტიკალური პარკინგი - პარკირების ელევატორული სისტემაა, რომელიც ლითონის კონსტრუქციას წარმოადგენს და მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას აძლევს. კონსტრუქცია „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „რევერსმა“ „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ ბაზაზე მისი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერითა და „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებით ააგო.