გერმანიის საპარლამენტო არჩევნების ფონზე ევრო გაუფასურდა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიული ბლოკის გამარჯვების ფონზე ევრო მსოფლიოს ვალუტების უმეტესობასთან მიმართებაში გაუფასურდა.

დღეს დილით 1 ევრო 1,1921 აშშ დოლარი ღირდა, 22 სექტემბერს კი - 1,1951 აშშ დოლარი. გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში ევროს კურსი 0,5%-ით, ხოლო კანადურ დოლართან - 0,3%-ით გაუფასურდა.

ორშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ანგელა მერკელის პარტიული ბლოკი ხმათა 33%-ით ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, მისი დეპუტატები 709 მანდატიდან 246-ს მიიღებენ - წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით 65-ით ნაკლებს.

მეორე ადგილზეა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (20,5%), რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. მათი წარმომადგენლობა პარლამენტში 40 ადგილით შემცირდება.

ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც მხოლოდ ოთხი წლის წინ შეიქმნა, ხმათა 12,6% დააგროვა და პირველად მოხვდა პარლამენტში. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავების წინააღმდეგ გამოდის და ქვეყანაში მუსლიმების რიცხვის ზრდას სახიფათოს უწოდებს.