"2018 წელს ქვეყანა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს მიუახლოვდება"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2018 წლიდან შემცირებულ განაკვეთს ელოდება. კობა გვენეტაძის განცხადებით, 2018 წელს ქვეყანა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს მიუახლოვდება.

როგორც „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუშია აღნიშნული, სუფთა საბანკო სისტემა ქვეყნის სიძლიერის გარანტიაა. მიმდინარე წელს, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, 2018 წლიდან კი დაიწყება პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება.

„წელს განაკვეთი უკვე ორჯერ გავზარდეთ. მაგრამ ჩვენი პროგნოზს თანახმად, პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება მის ნეიტრალურ დონემდე, რომელიც 5 პროცენტის ფარგლებშია“, – აცხადებს კობა გვენეტაძე „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

საქართველომ 6 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი მესამედ უცვლელად 7 პროცენტზე დატოვა. გვენეტაძის თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე განიხილა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

“ეკონომიკა აღდგენის გზაზეა; 2019 წლისთვის მოველით მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრის დახურვას“, – აცხადებს გვენეტაძე.

ინტერვიუს თანახმად, საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც $14.3 მილიარდია, უარყოფითად აისახა რუსეთის ყველაზე ხანგრძლივი რეცესია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში და ამავდროულად თურქული ლირის დასუსტება, რომელიც 2016 წლის გადატრიალების მცდელობას მოყვა. რუსეთი და თურქეთი კავკასიური სახელმწიფოს მეზობელი ქვეყნებია და ამავდროულად ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 4.5 პროცენტიან ზრდას ელოდება 2018 წელს, ძირითადად გაუმჯობესებული საგარეო ფაქტორების გამო - მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ექსპორტი 29 პროცენტითაა გაზრდილი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 28 პროცენტით იზრდება, ფულადი გზავნილები კი გაზრდილია 20 პროცენტით.

2016 წლის ბოლოს არსებული პროგნოზების მიხედვით მოსალოდნელი იყო, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე ჩვენი 2017 წლის მიზნობრივი მაჩვენებელი - 4%. ძირითადი ფაქტორები აქციზის გადასახადის და ნავთობის ფასის ზრდა გახდა“, – აცხადებს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ინფლაცია შენარჩუნდება ამჟამინდელ მაჩვენებელთან, 5.7%, ახლოს; ხოლო 2018 წლის იანვრიდან იგი 3%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.

„ინფლაციის გაზრდაზე საუბრისას, ასევე გასათვალისწინებელია ქარიშხალი ირმას დამანგრეველი შედეგები ტეხასის ყურეში; სტიქიამ იმოქმედა გადამამუშავებელ ინდუსტრიაზე ამერიკაში, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ინფლაციის გაზრდაზე ნავთობის ფასის მატების გამო. საქართველოს მცურავი გაცვლითი კურსი აქვს და კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკა კარგად ახერხებს შოკების შთანთქმას ისეთ მცირე და ღია ეკონომიკებში, როგორიც საქართველოა; „საქართველო ეკონომიკური შემცირების გარეშე გაუმკლავდა გლობალურ და რეგიონალურ კრიზისებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე განცხადებით, „საქართველოს ბანკმა გამოუშვა 500 მილიონი ლარის ღირებულების ლარით დენომინირებული ევრობონდები, რაც ჩემთვის უდიდესი ნდობის ფაქტორია“.

„ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ინვესტიცია ლარით - ეს კარგია“, - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ინტერვიუში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით ახორციელებს მსესხებლების წახალისებას სესხების ეროვნული ვალუტით ასაღებად.

კობა გვენეტაძის თქმით, ლარით დენომინირებული სესხების და დეპოზიტების წილი იზრდება.

„ქართული საბანკო სისტემა არის მაღალი კაპიტალიზაციის მქონე და აქვს ადექვატური ლიკვიდობის ბუფერები; ასევე დაბალია უმოქმედო სესხების დონეც“, – ნათქვამია ინტერვიუში.