არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 1-ლი სექტემბრისთვის 17.8 მილიარდ ლარს მიაღწია

1-ლი სექტემბრისთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1 აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, 840.7 მილიონი ლარით ანუ 5.0%-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 4.2%-ით) გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 1-ლი სექტემბრისათვის 17.8 მილიარდ ლარს მიაღწია.

სებ-ის ინფორმაციით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 958.8 მილიონი ლარით ანუ 10.3%-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 9.4%-ით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 118.1 მილიონი ლარით, ანუ 1.5%-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 2.2%-ით).

„მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.1 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.3 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.0 პროცენტი შეადგინა,“-ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.