გერმანიის პარლამენტის დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 9 500 ევროა

გერმანიის ახალი მოწვევის პარლამენტის შენახვა ბიუჯეტს 200 მილიონი ევროთი მეტი დაუჯდება, - ამის შესახებ გამოცემა „ბილდზე“ დაყრდნობით „დოიჩე ველე“ წერს.

ახალი მოწვევის პარლამენტში 79 დეპუტატით მეტი იქნება და მხოლოდ ამ კანონმდებლების და მათი თანაშემწეების ხელფასებზე ყოველწლიურად 33 მილიონი ევრო დაიხარჯება.

გერმანიის პარლამენტის დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 9 500 ევროს, დაუბეგრავი დანამატი კი 4 318 ევროს შეადგენს. ერთ დეპუტატს თანაშემწეებზე თვეში ჯამურად თითქმის 21 ათასი ევროს დახარჯვა შეუძლია.

გარდა ამისა, პარლამენტის დეპუტატების შიდა და უცხოურ მივლინებებზე 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 15 მილიონი ევრო გამოიყოფა.