„ქარწაღებული ბაბუაწვერა“, 3D ხეები - რა დაჯდება და როგორ მოირთვება თბილისი საახალწლოდ

დედაქალაქის საახალწლო განათება-გაფორმება 3 მილიონი დაჯდება.

თბილისის მერიის შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფმა” ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების გამარტივებული შესყიდვის უფლების მოპოვებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონი ლარია. რაც შეეხება საახალწლო განათებებს ისინი ქალაქის მასშტაბით 10-დან 15 დეკემბრამდე ჩაირთვება.

როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, ახალი წლის დღესასწაულის ღონისძიებებისთვის თბილისში შესაბამისი ლოკაციები უკვე შერჩეულია. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, თუ რა სახის განათებები მოეწყობა ქალაქში საახალწლოდ.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საახალწლო ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე დამონტაჟდება 32 ერთეული 12 მეტრი სიგანის ოქროსფერი ბაფთა, რომლის შუაშიც ე.წ. „სტრინგების“ „მანათობელი ცა“ გაივლის. დამონტაჟდება “Flash” ნათების სტრობოსკოპები. ყველა ხე თავიდან ბოლომდე მოირთვება ოქროსფერი ნათების მანათობელი „სტრინგებით“. ამასთან, საახალწლო ნაძვის ხის ორივე გვერდზე განთვასდება 2 ერთეული ხუთი მეტრი სიმაღლის საახალწლო თაღი, ასევე რუსთაველის გამზირზე განთავსდება მანათობელი „სტრინგებით“ მორთული დეკორატიული 5 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის სათამაშო ბურთი, რომელიც განთავსდება საფეხმავლო ბილიკზე და ექნება ფეხით მოსიარულეთათვის გასასვლელი თაღის ფუნქციაც.

საახალწლოდ, თავისუფლების მოედანზე დამონტაჟდება მანათობელი „სტრინგებისგან“ შექმნილი კომპოზიცია. მოირთვება ჭავჭავაძის გამზირი 500 ერთეული სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩამოსაკიდი ფიგურით, რომლებიც გაფორმებული იქნება „LED“ მილების, ოქროსფერი და თბილი, თეთრი მანათობელი „სტრინგებით“, ასევე იგეგმება დაახლოებით 250-300 ერთეული ხის თავიდან ბოლომდე მორთვა ოქროსფერი მანათობელი „სტრინგებით“.

დღესასწაულის ფარგლებში მელიქიშვილის ქუჩის საახალწლო მორთულობის შევსების მიზნით შესყიდული იქნება 200 ერთეული სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ნათების ვარსკვლავი, ასევე მოირთვება ყველა ხე მანათობელი „სტრინგებით“. კოსტავას ქუჩის მთელს სიგანეზე გაკეთდება სხვადასხვა ფერის მანათობელი „სტრინგების ცა“, რომელსაც დაემატება „Flash“ ნათების სტრობოსკოპები და მოირთვება ხეებიც.

სადღესასწაულოდ მოირთვება ბარათაშვილის ქუჩაც, რომლის შუა (გამწვანებულ) გამყოფ ზოლზე დამონტაჟდება 8 ერთეული 5 მეტრიანი თეთრი ნათებით და წითელი ბანტით შეფუთული დეკორატიული ნაძვის ხე. ამასთან, პეკინის ქუჩაზე განთავსდება 24 ცალი 10 მეტრის სიგანის მანათობელი ბაბუაწვერა, რომელიც პროგრამული მექანიზმის საშუალებით შექმნის „ქარწაღებული ბაბუაწვერას“ ეფექტს. სანაპიროზე, კერძოდ მეტეხის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე განათდება ხეები ოქროსფერი მანათობელი „სტრინგებით“.