საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენისას ხელფასის გარდა საკლასო დანამატს, წელთა ნამსახურების დანამატსა და წოდებრივ სარგოს მიიღებენ

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე სამსახურში აღდგენის შემთხვევაში განაცდურ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, საკლასო დანამატს, კანონმდებლობით განსაზღვრული წელთა ნამსახურების დანამატსა და წოდებრივ სარგოსაც მიიღებს.

ამის შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები იგეგმა. კანონპროექტი, რომლის ავტორი საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროა, უკვე პარლამენტშია ინიცირებული.

„უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე სამსახურში აღდგენის შემთხვევაში მიიღებს - განაცდურ თანამდებობრივ სარგოსა და საკლასო დანამატს, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურების დანამატსა და წოდებრივ სარგოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, კანონმდებლობით განსაზღვრული წელთა ნამსახურების დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში“, - ნათქვამია პროექტში.