მთავრობის 18 აგვისტოს განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრაზე თანხმობა მიეცა.
განკარგულების თანახმად, უწყების ცენტრალურ აპარატში სულ შტატით გათვალისწინებული 251 თანამდებობაა. რაც შეეხება ხელფასებს, უწყებაში შრომის ანაზღაურებაზე მიმდინარე წელს ჯამში, 4 700 000 ლარია გათვალისწინებული.
განკარგულების მიხედვით, მინისტრის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 3 540 ლარია; მინისტრის პირველი მოადგილის 2 950; ხოლო მინისტრის მოადგილეების 2 720 ლარი. აღსანიშნავია, რომ განკარგულებით, უწყებაში მინისტრის მოადგილის 5 თანამდებობაა განსაზღვრული.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს 2 100 ლარი აქვს, მინისტრის უფროს თანაშემწეს - 1 300 ლარი; პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსს - 2 100 ლარი; ხოლო მინისტრის მრჩევლებს - 1 800 ლარი. მრჩევლის პოსტზე სამინისტროში 5 ადგილია განსაზღვრული.
განსხვავებულია პირველი, მეორე და მესამე რანგის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები. კერძოდ, უწყების პირველი რაგნის მოხელეებზე - 1 740 და 2 100 ლარია განსაზღვრული; მე-2 რანგის მოხელეებზე - 1 600 და 1 750 ლარი; ხოლო მე-3 რანგის მოხელეების თანამდებობრივი სარგოები 950, 1 100, 1 420, 1 550 და 1 730 ლარია. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეებს კი 1 200 ლარი აქვთ.