განათლების სამინისტრო პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში საკლასო ოთახის გასარემონტებლად თანხის შეგროვების შესახებ ინფორმაციასაც შეისწავლის

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური, ამჯერად, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახის გასარემონტებლად თანხის შეგროვების შესახებ ინფორმაციას შეისწავლის.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ამგვარ საკითხებზე სკოლებში ფულის შეგროვება კატეგორიულად დაუშვებელია და განათლების სამინისტრო ყველა ჯერზე რეაგირებას ახდენს. აქედან გამომდინარე, მათივე თქმით, მოსწავლეების მიერ სკოლებში თანხების შეგროვების ფაქტს შიდა აუდიტის სამსახური მოიკვლევს.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის მშობლის ინფორმაციით, მოსწავლეებს ფულის შეგროვება საკლასო ოთახების რემონტისთვისაც უწევთ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კლასის დამრიგებელმა მათ ჯამში 250 ლარის მიტანა მოსთხოვა.

მშობლის განცხადებით, თანხა შეაგროვეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სკოლაში სხვა საკლასო ოთახების რემონტისთვის ფული მოსწავლეებს არ შეუგროვებიათ და კლასები სახელმწიფო სახსრებით გარემონტდა.

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში თანხის შეგროვების ფაქტს გამორიცხავენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დირექტორის პირველმა მოადგილემ ქეთი მიქანაძემ განუცხადა, სკოლაში თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისათვის აკრძალულია და მსგავსი შემთხვევები არ ხდება.

”სკოლაში რემონტი ნამდვილად კეთდება, ყოველ ზაფხულს ვალამაზებთ და ვათეთრებთ სკოლას, რაც გამოსაცვლელია იმას ვცვლით.

ჩვენ სკოლის მასშტაბით ყველგან გამოკრული გვაქვს განცხადებები, რომ თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისთვის არის აკრძალული. ასეთი რაღაც სკოლაში არ ხდება. როდესაც წლის დასაწყისში კრება ტარდება, მოადგილეები აუცილებლად შევდივართ კლასებში და მშობლებს ვაცნობთ, რომ თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისათვის გამორიცხულია. სკოლაში თანხა არ გროვდება”, - განაცხადა ქეთი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენაც მშობლებს დაევალათ. ამის შესახებაც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ჟალუზების შესაძენად თანხის აგროვების საკითხზე ყველა კლასში მშობელთა კრება ჩატარდა.