„უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.5%-მდე, ხოლო ეროვნულ ვალუტაში - 22%-მდეა გაზრდილი“

უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.4 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდეა გაზრდილი, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე პროცენტი 1.6%-ით გაიზარდა და წლიური 22% შეადგინა.

ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის თანახმად, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 0.28%-ით შემცირდა და ჯამური პორტფელის 58.23% შეადგინა.

„2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3%-ით, 980 მილიონი ლარით გაიზარდა და 31.518 მილიარდი ლარი შეადგინა.

სასესხო პორტფელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17%-ით (2.790 მლრდ ლარი), ხოლო წინა თვის მაჩვენებელზე 1 პროცენტითაა (183.7 მლნ ლარი) გაზრდილი.

აგვისტოს მონაცემებით, საკრედიტო პორტფელი 19.2 მლრდილიარდი ლარის ტოლია. დაკრედიტება, როგორც ეროვნულ ვალუტაში 2.15%-ით, ( 79.8 მლნ ლარი) ასევე უცხოურ ვალუტაში 0.9%-ით, (104 მლნი ლარი) არის გაზრდილი. ეროვნულ ვალუტაში სასესხო პორტფელმა 8.022 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 11.184 მილიარდი ლარი შეადგინა.

კომერციული ბანკების მიერ სასესხო პორტფელის წლიური ზრდის ტემპი 17 პროცენტის ტოლია. მიმდინარე წლის აგვისტოში, საბანკო სისტემაში, სესხებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.4 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.4 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდეა გაზრილი, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე პროცენტი 1.6%-ით გაიზარდა და წლიურ 22% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით განსაზღვრულ სესხებზე 1.2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებული დაკრედიტება 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაძვირებული. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.66 მილიონი ლარით (0.38 პროცენტით) არის გაზრდილი და 429.905 მილიონი ლარის ტოლია. მთლიან პორტფელთან მიმართებაში 0.05 პროცენტითაა შემცირებული და 2.2%-ი შეადგინა.

აქვე აღსანიშნავია, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ვადაგადაცილების მაჩვენებელი 1 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 0.52%- იანი კლება ფიქსირდება.

სასესხო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი ბოლო თვეების განმავლობაში სტაბილურად მცირდება. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 0.28%-ით შემცირდა და ჯამური პორტფელის 58.23%-ს შეადგინა. საბანკო სექტორში განთავსებულმა არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით 17.777 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 840 მლნ ლარით, 5%-ით მეტია 1 აგვისტოს მაჩვენებელზე.

აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 958 მილიონი ლარით 10.3%-ით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტები 118.1 მილიონი ლარით, 1.5%-ით შემცირდა. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.1%. დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 65.51%-იან ნიშნულზეა რაც ივლისის მაჩვენებელზე 0.26%-ით ნაკლებია.

უცხოური ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 84.3%, ხოლო ევროსი 13% ტოლია. აგვისტოში საბანკო სექტორის მიღებულმა წმინდა მოგებამ 41.9 მილიონი ლარი შეადგინა, საკონვერსიო ოპერაციებიდან კი სარგებლის სახით 13.2 მილიონი ლარი მიიღო.

1 სექტემბრის მდგომარეობით, კომერციული საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი. ლიცენზირებული საქმიანობის მუხედავად, ამ ეტაპზე კრედო ბანკის ფინანსური მონაცემები, საბანკო სექტორის ჯამურ მაჩვენებლებში გათვალისწინებული არ არის. სასესხო პორტფელის ლარიზაციაზე დადებითი გავლენა იქონია საკანონმდებლო ცვლილებამ, რომლის მიხედვით ფიზიკური პირებისა და ინდ. მეწარმეებისთვის 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია ხელმისაწვდომი. საშუალო ვადიან პერიოდში, ვადიანი ტიპის დეპოზიტებზე გაზრდილია მოთხოვნა, რაც ერთი მხრივ ეროვნულ ვალუტაში დარიცხული მაღალი სარგებელით, მეორე მხრივ კი აქტიურ ტურისტულ სეზონით აიხსნება. დადებითი ტენდეციაა ასევე დეპოზიტების ლარიზაციის კუთხითაც.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი საბანკო ინდიკატორები, რაც სექტორის სტაბილურობას განსაზღვრავს: წმინდა საბანკო აქტივები, დეპოზიტების მოცულობა და სასესხო პორტფელი, მიმდინარე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება,“-ნათქვამია ინფორმაციაში.