ნინო ლომჯარიამ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

ლომჯარია სამსახურიდან წასვლის მიზეზებს არ განმარტავს და აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერი საინტერესო შეთავაზება განიხილოს.

”მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება მომანიჭა, ყველა პროფესიონალის, ვისთანაც ვმუშაობდი, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების. ამაყი ვარ იმ მიღწევებით, რასაც ჩემი 10 თვიანი მუშაობის პერიოდში მივაღწიეთ ერთად. მჯერა, რომ ვიმუშავე ყველაზე პროგრესირებად და თანამედროვე საჯარო სამსახურში საქართველოში. რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, იმედია მომეცემა შესაძლებლობა ვიმუშაო აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება განვიხილო”, - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

ნინო ლომჯარია ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მოადგილე იყო.

როგორც ცნობილია, აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი მექვაბიშვილი დაინიშნა.