შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებს ახალი ვალდებულებები დაუწესდათ

მთავრობის დადგენილებით, შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებს ახალი ვალდებულებები დაუწესდათ.

ამის შესახებ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებაში შესულ ცვლილებაშია ნათქვამი.

ცვლილებების თანახმად, დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს მე-15 პრიმა მუხლი დაემატა. ამ მუხლის მიხედვით, „შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ჭერილის რეალურ დროში კონტროლის მიზნით, გემზე დაამონტაჟოს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა და აწარმოოს ელექტრონული თევზჭერის ჟურნალი“.

როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, ელექტრონული მონიტორინგის სისტემა გემზე დამონტაჟებულ ურთიერთდაკავშირებულ ვიდეოკამერას/ვიდეოკამერებს, ქსელურ ვიდეოჩამწერსა და GSM-WiFi Router-ს მოიცავს, რომლებიც ჭერილის რეალურ დროში ვიდეოკონტროლს ერთობლივად უზრუნველყოფენ.

„ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, თევზჭერის მიზნით გემის ნავსადგურიდან გასვლიდან მის ნავსადგურში დაბრუნებამდე უწყვეტად გადაიღოს ვიდეო. ქისაბადით თევზჭერის შემთხვევაში, სავალდებულოა არანაკლებ ორი კამერის დამონტაჟება. კამერა (კამერები) გემზე ისე უნდა განთავსდეს, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი თევზჭერის პროცესის უწყვეტი კონტროლი. აკრძალულია ვიდეოგადაღების გარეშე წყალში თევზსაჭერი სარეწაო ბადე-იარაღის ჩაგება ან წყლიდან მისი ამოღება. ამასთან, სამრეწველო თევზჭერის პროცესში გემზე დამონტაჟებული და შესაბამის სისტემაში ჩართული უნდა იყოს ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა (AIS),“-ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.

დადგენილების მიხედვით, თევზმჭერების მიერ სარეწაო თევზჭერის აღრიცხვა „ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოების ინსტრუქციის“ შესაბამისად განხორციელდება, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ამტკიცებს. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოებისას, მისი შევსების წესის დარღვევა თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს.