რა სახის პრეპარატები გამოიყენება აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად?

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით, სამეგრელოში მოსავალს ისევ ანადგურებს, თუმცა კლიმატის ცვლილების გამო მწერებმა საცხოვრებლებსა და მათ მიმდებარე ბაღებში გადაინაცვლეს.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა მწერი სახლებში უკვე შენიშნა. ამასთან, თბილისის მცხოვრებლების ნაწილიც აცხადებს, რომ ფაროსანას მსგავსი მწერები დედაქალაქში, საკუთარ სახლებშიც შენიშნეს. სპეციალისტთა განმარტებით,  ტემპერატურის მატების შემდეგ მავნებლები ისევ ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღებს დაუბრუნდებიან.

იმის შესახებ, თუ რომელი პრეპარატების გამოყენება შეუძლიათ მავნებელთან საბრძოლველად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს რეკომენდიციებს აძლევს.

სააგენტოს ცნობით, მავნებლის წინააღმდეგ საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები გამოიყენება.

საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვით და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა ჰექტარზე 0.6-1ლიტრი.

ფაროსანას წინააღმდეგ ასევე გამოიყენება შემდეგი დასახელების ინსექტიციდები: პირინექს სუპერი (ბიფენტრინი+ქლორპირიფოსი) - ჰექტარზე - 0,8-1,5ლიტრი ; ანტიხრუში (ბიფენტრინი+იმიდაკლოპრიდი) - ჰექტარზე - 1კილოგრამი; ნურელ დ (ქლორპირიფოსი+ ციპერმეტრინი) – 1 ჰექტარზე - 0,4-1 ლიტრი; ეფდალ-ფოსეტრინი (ქლორპირიფოსი+ ციპერმეტრინი) - ჰექტარზე - 0,4 ლიტრი; არივო (ციპერმეტრინი) – 1 ჰექტარზე - 0,2 ლიტრი; აქტარა (თიამეტოქსამი) - ჰექტარზე - 0,12-0,14 კილოგრამი; კონფიდორ მაქსი (იმიდაკლოპრიდი) - 0,1 კილოგრამი 1 ჰექტარზე და ზემოაღნიშნული ჯგუფების სხვა პრეპარატები.