„რეზონანსი" - ლარის გამყარების პერსპექტივა 2018 წელსაც მოისპო

დიდი ალბათობით, მომდევნო წელს სახელმწიფო ვალების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს, რაც ბიუჯეტის პროექტიდან აშკარად ჩანს.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მისი მოცულობა 12,2 მლრდ-მდე იზრდება, ძირითადად სწორედ ვალების ხარჯზე. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიც დაანგარიშებულია კურსით 1 დოლარი 2,50 ლართან. ეს ნიშნავს, რომ გაისადაც ეროვნული ვალუტა დაახლოებით ამ ფარგლებში იტრიალებს და გამყარების პერსპექტივა არ ექნება. პირიქით, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სამომავლოდ ლარს კიდევ უფრო გაუჭირდება.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, შემოსავლები 10 120.0 მლნ ლარი იქნება. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2 780.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 6.9 პროცენტს შეადგენს. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 630.0 მლნ ლარია, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია.

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 4390.0 მლნ ლარს უტოლდება, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელს, იგი 1 450.0 მლნ ლარით (მშპ-ის 3.6 პროცენტი) განისაზღვრა.

2018 წლის ბიუჯეტი ყურადღებას იპყრობს სახელმწიფოს დამოკიდებულებით ვალებისადმი, რაც წინა წელთან შედარებით, საკმაოდ მზარდია. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ვალების შემცირების გზას დაადგეს, საგარეო თუ საშინაო ვალების რაოდენობას მთავრობა არნახული ტემპით ზრდის. იმავდროულად იზრდება ვალების დაფარვის მაჩვენებელიც. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ვალდებულებების კლება 790.1 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 725.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 65.1 მლნ ლარი საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე.

საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები 1 288.0 მლნ ლარი იქნება, მსოფლიო ბანკისგან მისაღები საბიუჯეტო კრედიტი - 350.0 მლნ ლარი, ხოლო სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა - 400.0 მლნ ლარი.

სპეციალისტებს ბიუჯეტთან მიმართებით მთავრობის მიერ დაგეგმილი გაცვლითი კურსი აფიქრებთ. 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტიც, წლევანდელის მსგავსად, 2,50-იან ნიშნულზეა დაანგარიშებული. ეს ნიშნავს, რომ ლარს გამყარების პერსპექტივა არც გაისად ექნება. ამას ადასტურებს წლევანდელი გამოცდილებაც. 2017 წლის ბიუჯეტიც 2,50-ზე იყო გათვლილი, შესაბამისად, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, მიუხედავად ლარის გამყარებისკენ აშკარა მიდრეკილებისა, ბოლომდე იბრძოლეს და კურსი სწორედ ამ დიაპაზონში შეინარჩუნეს. დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ სავალუტო ბაზარზე გაისადაც იგივე სცენარი გათამაშდება.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა კიდევ უფრო არასახარბიელო პროგნოზს გამოთქვამს. მისი აზრით, შესაძლოა, გაისად კურსი უფრო დავარდეს.

"ფინანსთა სამინისტრო თადარიგს იჭერს და ორიენტირად იღებს ისეთ კურსს, რომლის შენარჩუნება ქვეყანას რეალურად გაუჭირდება. ცხადია, ამას კარნახობს ეროვნული ბანკი, რომელიც ვარაუდობს, რომ კურსი 2,50-ის ფარგლებში იქნება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მისი ვარაუდი იშვიათად მართლდება. ასე რომ, არ არის გამორიცხული, უფრო გაუფასურდეს ლარი, ვიდრე ამჟამინდელი 2,50-ია.

საქართველოში კურსის პროგნოზირება აბსოლუტურად შეუძლებელი და გამორიცხული გახდა. ის არ ემორჩილება არანაირ ეკონომიკურ ფაქტორებს, კურსწარმოქმნა ხდება მხოლოდ კაპიტალის გადინების ფაქტორების გათვალისწინებით. რამდენი შემოდის და გაედინება, ამას სებ-ი არ ითვლის. ერთადერთი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გააგრძელებს გაუფასურებას. როდესაც იზრდება მშპ, წესით, კურსზეც უნდა აისახოს და არ მივიღოთ მკვეთრი ვარდნა, თუმცა ყველა ხედავს, რომ ლარი ეკონომიკურ ფაქტორებს ემიჯნება და მისი გაუფასურება წმინდა სპეკულაციური პროცესების შედეგია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლია ელიავამ.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ყურადღებას უფრო მეტად ვალების სიმძიმეზე ამახვილებს. მას განსაკუთრებით საშინაო ვალის ზრდა აფიქრებს, რამაც შეიძლება ეკონომიკური ზრდის პროცესი დაამუხრუჭოს.

"ბიუჯეტის მიხედვით წარმოდგენილი კურსი უფრო საორიენტაციოა და ამაზე კონცენტრირება არ ღირს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ფინანსური ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას 2018 წლისთვის აქვს გაწერილი. როგორც გაირკვა, საგარეო ვალი გაიზრდება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკმაოდ დიდი ვალის გასტუმრებას აპირებს მთავრობა 2018 წელს. თუკი წელს 415 მლნ ლარი მიიმართებოდა საგარეო ვალის დაფარვაზე, გაისად 750 მლნ ლარია გამოყოფილი ამ მიმართულებით, მთლიანობაში ვალების სიმძიმეც იკლებს. ჩვენ ვიღებთ მეტ სესხს, ვიდრე ადრე და მაღალი კურსით ბიუჯეტი ნამდვილად ისარგებლებს.

ჩვენი საგარეო ვალი საერთაშორისო სტანდარტთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია. ამასთან, მშპ-სთან მიმართებითაც, საგარეო ვალი 60%-მდეც რომ გაიზარდოს, ნორმაა. ამიტომ მივესალმები, სახელმწიფომ მეტი საგარეო ვალი აიღოს, მაგრამ აუცილებლად მიზნობრივად დახარჯოს. ინფრასტრუქტურა თუ გაიმართება და ეკონომიკა ამოძრავდება, პრობლემა არ შეიქმნება", - განმარტავს ჯანიაშვილი და დასძენს, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის გაცილებით მეტი საფრთხეა საშინაო ვალები.

"შიდა ვალის აღებას არ მივესალმები, რადგან ბანკებს ვართმევთ თავისუფალ სახსრებს. ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს ასესხებს თანხას გარანტირებულად, ეკონომიკურ რეალურ სექტორს არ დააკრედიტებს. შესაბამისად, საშინაო ვალებთან დაკავშირებით მიდგომა შესაცვლელია. რა თქმა უნდა, სჯობს, შევამციროთ საშინაო ვალი და გავზარდოთ საგარეო. ჩვენ ამით ვაკლებთ ეკონომიკას ფულს და ვამდიდრებთ ბანკებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი", - დასძენს ჯანიაშვილი.

ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით მთავრობა ბიუჯეტის პროექტში აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2018 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი - 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მთავრობა ვარაუდობს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2018 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 40.4 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო 2021 წლისთვის მისი გაზრდა 51,9 მლრდ ლარამდეა მოსალოდნელი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"