დემნა გვასალიას ”კროქსები”  250 დოლარი ეღირება

პარიზის მოდის კვირეულზე დემნა გვასალიამ მთელი მსოფლიო გააოგნა - "ბალენსიაგას" მოდელები პოდიუმზე ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული "კროქსებით" გამოჩნდნენ, რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოდელები პოდიუმზე "კროქსებით" გამოვიდნენ - გასულ წელს ეს ფეხსაცმელი კრისტოფერ კეინის გაზაფხულის კოლექციაშიც გამოჩნდა, თუმცა "ბალენსიაგამ" მაინც მოახერხა ყველას გაოცება, რადგან ამჯერად "კროქსების" პლატფორმის სიმაღლემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც დემნა გვასალია ამბობს, თავად მას "კროქსი" აქამდე არასოდეს სცმია და პირველად ამ ზაფხულს მოისინჯა.

"ეს არის ინოვაციური ფეხსაცმელი. მსუბუქია, ერთ მთლიან ნაწილად ჩამოსხმული. ასეთი ტექნოლოგია და მასალა "ბალენსიაგასთვის" ძალიან შესაფერისია," - ამბობს გვასალია.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბალენსიას" "კროქსების" ფასი 250 დოლარი იქნება.

შედარებისთვის - ჩვეულებრივი "კროქსი" დაახლოებით, 30 დოლარი ღირს.

"ბალენსიაგას" ფეხსაცმელს კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. ბრიტანული გამოცემა "მეტრო" წერს, რომ პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციით"მოდა მოკვდა."

იხილეთ ფოტოები