რა ეღირება და როდიდან დაიწყება ფრენები ქუთაისიდან ბარსელონას, პარიზის, რომისა და პრაღის მიმართულებით?

უნგრული ავიაკომპანია Wizz air-მა ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაამატა.

საუბარია, ბარსელონას, რომის, პარიზისა და პრაღის მიმართულებებზე. პირდაპირი ავიარესები აღნიშნულ ქალაქებში 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

კერძოდ, ქუთაისი-ბარსელონას (ელ პრატის აეროპორტი) მიმართულებით პირველი რეისი 18 მაისს განხორციელდება და ბილეთის ფასი 79 ლარი იქნება; ქუთაისი-რომის (ფლუმიჩინოს აეროპორტი)  მიმართულებით პირველი ფრენა 17 მაისს იქნება და ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი.

ასევე 17 მაისს განხორციელდება ქუთაისი-პარიზისა (ბოვეს აეროპორტი) და ქუთაისი პრაღის პირველი პირდაპირი რეისი. რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, ორივე მიმართულებით 17 მაისის ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ პარიზში თვითმფრინავი "ბოვეს" აეროპორტში დაეშვება. აღნიშნული აეროპორტი პარიზიდან 85 კმ-ის დაშორებით, ტილეს კომუნაში მდებარეობს.

მომხმარებელს ბილეთების ყიდვა უნგრული ავიაკომპანიის საიტზე უკვე შეუძლიათ.