დღეს, 23:00 საათიდან დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს, 23:00 საათიდან, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს.

„ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება გორგასლის მოედანზე, ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე, მეტეხის ხიდიდან ჰეიდარ ალიევის სკვერამდე. გადაიკეტება ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, ხოლო მეტეხის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ევროპის მოედნამდე.

მოძრაობა სრულად აიკრძალება მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. პანდუსიდან ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ორ რიგად იმოძრავებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

მოძრაობა აიკრძალება გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით, ასევე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე - აბანოთუბნის მიმართულებით.

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ავლაბრის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე და მიმდებარე ქუჩებზე“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.