რა არის საჭირო თბილისში უფასო პარკირების ნებართვის მოსაპოვებლად - პროგრამით 106 ელექტრომობილის მფლობელი სარგებლობს

დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა კიდევ 3 ელექტრომობილის მფლობელზე გასცა უფასო პარკირების ნებართვა.

სამსახურის ცნობით, 9 თვის მონაცემებით, თბილისში ასეთი საბუთი ჯამში 106 სატრანსპორტო საშუალების მეპატრონეს აქვს.

თბილისის მერია 4 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე ელექტრომობილების მფლობელებზე უფასო პარკირების ნებართვებს მიმდინარე წლის იანვრიდან გასცემს. სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრემ განცხადებით ტრანსპორტის სამსახურს უნდა მიმართოს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარმოადგინოს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სი-თი პარკს“ გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.

მერიამ და საკრებულომ ელექტრომობილების მფლობელები პარკირების საფასურის გადახდისგან ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის მხარდასაჭრად გაათავისუფლა. ამავე მიზნით, შარშან შემოდგომაზე დედაქალაქის ორ წერტილში მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე ელექტროძრავიანი ავტომობილების დასამუხტი პუნქტები მოეწყო,“-ნათქვამია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციაში.

გასული წლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით, 50 ელექტრომობილი მოძრაობდა.