ბოლო ხუთი თვის მონაცემებით, თუშეთში 14306 ვიზიტორი დაფიქსირდა

ბოლო ხუთი თვის მონაცემებით, თუშეთში 14306 ვიზიტორი დაფიქსირდა. ამ სტატისტიკას თუშეთის ეროვნული პარკი ავრცელებს.

მთელი სეზონის განმავლობაში თუშეთით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები ინტერესდებიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მათ ბიზნესზე დადებითად აისახება. მოთხოვნა გაზრდილია საოჯახო სასტუმროებზე და კაფეებზე, ასევე ადგილზე დამზადებულ თექის ნივთებზე.

თუშეთის გზა სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. გზის სიგრძე 72 კილომეტრია, თუმცა მის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი.

უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა ოქტომბერში, თითქმის 7 თვით იკეტება, მაისის შუა რიცხვებამდე. ამ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.