აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 110 ათას ჰექტრამდე ფართობი შეიწამლა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 110 ათას ჰექტრამდე ფართობი შეიწამლა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში: სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით 110 ათასი ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები შეიწამლა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში 230 ათასი ოჯახისთვის პრეპარატების გადაცემაა დაგეგმილი. თითო ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) გადაეცემა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები: სამეგრელოს რეგიონი – 95 911; გურია - 50 670; იმერეთი - 38 838; აჭარა - 13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ასევე ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, მოსახლეობას გადაეცემა ბუფენტრინის ჯგუფის პრეპარტები, რომლებიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და ყველაზე ეფექტურია აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგოდ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მავნებლის გავრცელების არეალის კონტროლის მიზნით, მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მონიტროინგი. ამ მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით, 351 სოფელში დამონტაჟდა ფერომონები. ინტენსიურად მუშაობს ცხელი ხაზი. 2017 წელს ცხელ ხაზზე შესულია 4100-ზე მეტი სატელეფონო შეტყობინება.

„საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი ბროშურა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით 2016 წელის მოამზადა. მავნებლის ძლიერი გავრცელებისთანავე, სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, შარშან ნოემბერში მოწვეული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელთა რეკომენდაციებითაც მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა შემუშავდა“, – განაცხადეს სამინისტროში.