"თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც ერთ წელზე ნაკლებ დროში არიან დაარსებული"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თბილისის მერიის სისტემაში 2014-17 წლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის მერიის სისტემაში 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკა შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი, მათ შორის ტენდერებში დაბალი კონკურენცია, გამარტივებული გზით ხელშეკრულების გაფორმება გამოუცდელ და ახალდაფუძნებულ კომპანიებთან, ასევე კონკრეტული შესყიდვები, რომელიც კორუფციის შედარებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ თბილისის მერიამ და მის დაქვემდებარებაში შემავალმა უწყებებმა - რაიონულმა გამგეობებმა, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტენდერების გზით სულ 3 711 ხელშეკრულება დადეს, საიდანაც 1 333-ს (36%) მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა. კვლევის თანახმად, ერთმონაწილიანი ტენდერებიდან 41 შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულებამ ტენდერის სავარაუდო ღირებულებას გადააჭარბა და ამ მხრივ ყველაზე მეტად ისნის რაიონის გამგეობა გამოირჩევა.

„თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს ისეთმა კომპანიებმა, რომელიც ერთ წელზე ნაკლებ დროში (ზოგიერთ შემთხვევაში ტენდერის გამოცხადების შემდეგაც) არიან დაარსებული (ყველა მოცემული ტენდერი ეკუთვნის თბილისის მერიას): შპს „მარკერი“ ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაფუძნდა - 901 456 ლარი. სატენდერო პირობები ხელშეკრულების ღირებულების 95%-ის ავანსის სახით გაცემის შესაძლებობას ითვალისწინებდა; შპს „გამწვანება 2016“ ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა - 646 104 ლარი; შპს „ენკო“ ტენდერის გამოცხადებიდან 8 დღეში დაარსდა - 459 164 ლარი და ა.შ.“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, იმ 494 ტენდერიდან, რომელშიც ახალმა დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა, 24 შემთხვევაში ხელშეკრულება ვერ შესრულდა. ამავე კვლევის მიხედვით მერიის სისტემაში დადებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა საერთო ღირებულებაც 18,9 მილიონ ლარს შეადგენდა, 81 არ შესრულდა.

„მსხვილი მიმწოდებლების სიაში შპს „ენსისი“ ლიდერობს, რომელსაც ტენდერების გზით 21 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. „ენსისი“ ასევე გვხდება გამარტივებული გზით განხორციელებულ შესყიდვებშიც, კერძოდ, შესყიდვის ამ ტიპით კომპანიამ 5 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ფლობს შპს „ჯი სის“, რომლის დირექტორის პოსტსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დავით შავლიაშვილი იკავებს. თბილისის მერიის სისტემაში მმართველი პარტიის ათი შემომწირველი ათი კომპანია 61 ტენდერის გამარჯვებული გახდა, ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 41,8 მილიონ ლარს მიაღწია. აღნიშნული პირების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებული 12 შემოწირულობის ჯამმა 340 600 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევაში ასევე მოცემულია 2015-16 წლებში გამარტივებული გზით განხორციელებული შესყიდვები. კვლევის თანახმად, ამ პერიოდში მერიამ და მასში შემავალმა უწყებებმა გამარტივებული შესყიდვის გზით 2 646 ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა საერთო ღირებულებამ 157 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ამავე პერიოდში მერიის სისტემაში სულ სახელმწიფო შესყიდვებზე დახარჯული თანხის დაახლოებით 26%-ს შეადგენს.

„გამარტივებული შესყიდვებით 2015-16 წლებში თბილისის მერიის სისტემაში ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი „ბლექსი გრუპი“ იყო, რომელმაც 14,2 მილიონი ლარის ღირებულების 8 კონტრაქტი მიიღო. მეორე ადგილზეა „კავკასუს როუდ პროჯექტი“, 12,5 მილიონი ლარის ღირებულების 9 კონტრაქტით. გამარტივებული შესყიდვის გზით, თბილისის მერიის სისტემაში ამ პერიოდში სულ 3,4 მილიონი ლარის საერთო ღირებულების 37 კონტრაქტი დაიდო ისეთ კომპანიებთან, რომელთა დაფუძნებიდან ხელშეკრულების დადების მომენტში ერთ წელზე ნაკლები იყო გასული. ახალ დაფუძნებულ კომპანიებთან გამარტივებული გზით დადებულ ხელშეკრულებებს შორის ვხვდებით ისეთ კონტრაქტებს, რომლებიც ავანსის სახით 80-100%-ის გაცემის შესაძლებობას ითვალისწინებენ, მაგალითად შპს „ენკოსთან“ დადებული 703 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, შპს „მანუფაქტურასთან“ დადებული 102 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება და ა.შ. 2015-16 წლებში მერიის სისტემაში გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებებიდან 12 არ შესრულდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 3,2 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2015-16 წლებში „ქართული ოცნების“ 5 შემომწირველის 5 კომპანიასთან 10,2 მილიონი ლარის საერთო ღირებულების 32 გამარტივებული ხელშეკრულება გაფორმდა. ამ პირების მიერ განხორციელებული 6 შემოწირულობის ჯამურმა ოდენობამ 177 000 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციები ასეთია: თბილისის მერიამ უნდა მიიღოს ზომები, რომ ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოს უფრო მაღალი კონკურენცია; გათვალისწინებული უნდა იქნას ის რისკები, რაც თან ახლავს ახალი დაფუძნებული და სათანადო გამოცდილების არმქონე კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას; თავიდან უნდა იქნას არიდებული გამარტივებული შესყიდვის ხშირად გამოყენება, რათა დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და გამოირიცხოს კორუფციული რისკები, ასევე აუცილებელია სათანადო ზედამხედველობა გამარტივებულ შესყიდვებზე.