კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, შიდა და გარე აუზი, კარტინგი, კაფე-ბარები - რას გულისხმობს და როგორი იქნება „რადიო ქალაქი“ მუხიანში (+ვიდეო)

მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყობა. ამის შესახებ, გუშინ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპლექსი 102.000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, კერძო ინვესტიციით მოეწყობა.

კომპლექსი მოიცავს: სპორტულ და გასართობ შემეცნებით სივრცეებს, შიდა და გარე აუზს, სპორტულ მოედნებს, საგამოფენო დარბაზებს, კინოთეატრს ღია ცის ქვეშ, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, კარტინგს და სხვა.

მუხიანში აღნიშნული კომპლექსის მოწყობის შესახებ, წინა თვეშიც ვწერდით. კერძოდ, ინფორმირებული წყაროს ცნობით, ყოფილი რადიო-ქარხნის ტერიტორიაზე ე.წ. ღამის ქალაქის, „შარდენის” ანალოგიური სივრცის მოწყობა იგეგმებოდა.