"2016 წელს თბილისის საკრებულომ საწვავის მოხმარებაზე 193,988 ლარი დახარჯა"

50-წევრიან თბილისის საკრებულოს ჯამში 35 მანქანა ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომობილები საკრებულოს წევრებზე მათი თანამდებობის შესაბამისად (საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები) არის განპიროვნებული. კერძოდ, 31 ავტომობილი საკრებულოს წევრ დეპუტატებს პერსონალურად ემსახურება, ხოლო დანარჩენი 4 კი საერთო დანიშნულებით გამოიყენება.

რაც შეეხება ავტომობილების განკარგვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, 2016 წელს საკრებულომ საწვავის მოხმარებაზე 193,988 ლარი დახარჯა. ასევე, საკრებულოში ჯამში 35 მძღოლია დასაქმებული, რომელთა ხელფასი ყოველთვიურად 1,000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილების ნაწილი, 3 ავტომობილი საკრებულოს მერიამ გადასცა, ხოლო დანარჩენი საკრებულომ ძირითადად 2011-2013 წლებში, ხოლო ერთი ავტომობილი 2009 წელს შეიძინა.

IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე 2017 წლის 7 ივნისით რიცხულ ავტომობილებს შეეხება.