საკრებულოს რომელი დეპუტატების სარგებლობაში არსებული ავტომობილები გამოიყენება არასამუშაო დანიშნულებით

თბილისის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილები, სავარაუდოდ, მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენება. ამის შესახებ IDFI-ს კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის სარგებლობაში არსებული ავტომობილი „სი-ტი პარკმა“ 2017 წლის 2 სექტემბერს, შაბათს ისეთ ადგილას დააჯარიმა, რომელსაც, სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სავარაუდოდ, არასამუშაო დანიშნულებით გამოყენებული ავტომობილი დედაქალაქის საკრებულოს შემდეგ დეპუტატებზეა განპიროვნებული: გიორგი ალიბეგაშვილი; გიორგი ტყემალაძე; მალხაზ მჭედლიშვილი, გიორგი ახვლედიანი, თევდორე კახიძე, გოჩა ბაბუნაშვილი, ლევან დარახველიძე, ელენე დუმბაძე, მამუკა ახვლედიანი, გულიკო ზუმბაძე, შორენა ბუხრაშვილი, ვლადიმერ ძნელაძე, თამარ ტალიაშვილი, ავთანდილ დავითაძე, ჯაბა სამუშია, ირაკლი ნადირაძე, გიორგი მუსხელიშვილი, ნუგზარ მალაღურიძე, ნულია ჯავხელაძე და ზაზა ვეკუა.

აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენებასთან დაკავშირებული მოქმედი რეგულაციები დეტალურად ვერ აწესრიგებს არა სამსახურეობრივ დროს სახელმწიფო ავტომანქანების გამოყენების წესებს, მათ შორის ქალაქ თბილისში. ამ კუთხით არსებული აქტები არ შეიცავს ავტომობილების არა სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების პრევენციის მექანიზმებს და მათი მთავარი დანიშნულება ავტომანქანების და საწვავის ლიმიტების განაწილებაა.