ბიტკოინის ფასი რეკორდის განახლებისთვის ემზადება

ბიტკოინის ფასმა ამ კვირაში ზრდა გააგრძელა და ორშაბათს 4 700 დოლარს ასცდა.

ბოლო ექვს კვირაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს (5 000 დოლარს) ასე მიუახლოვდა. იმავდროულად, ბიტკოინ ქეშის ფასი მხარდაჭერის მნიშვნელოვან დონეს ჩასცდა.

შეერთებულ შტატებში ბაზირებულ პლატფორმა „ბიტფაინექსზე“, ბიტკოინის ფასი 146.6 დოლარით (3.18 პროცენტით) გაიზარდა და 4 761.1 დოლარს მიაღწია. იმავდროულად, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 79.78 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

სექტემბრის დასაწყისში, იმავე ბიტფაინქსზე ბიტკოინის ფასის უმაღლესი წერტილი 4 969 დოლარის დონეზე დაფიქსირდა. მაგრამ ჩინეთის მიერ ბიტკოინზე შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ, ფასმა კლება დაიწყო და 3 500 დოლარამდე ჩამოვიდა.

პარალელურად, ბიტკოინ ქეშის ფასი 300 დოლარიან ზღვარს ჩამოსცდა და 295.87 დოლარს მიაღწია. 291.70 დოლარამდე შემცირდა ეთერიუმი, რომელიც კაპიტალზაციის მხრივ, მეორე უდიდესი ციფრული ვალუტაა. ეთერიუმის ფასი ზეწოლის ქვეშაა, რადგან ამ ვალუტას ეგრეთ წოდებული ჰარდფორკი „ბიზანტიუმი“ ელის. ამჟამად ეთერიუმის კაპიტალიზაცია 27.7 მილიარდი დოლარია, ბიტკოინ ქეშისა კი - 5.03 მილიარდი დოლარი.