თბილისში „ქართული ღვინის ფესტივალი 2017“ გაიმართება

15 ოქტომბერს, „ქართული ღვინის ფესტივალი 2017“ თბილისში, შარდენზე გაიმართება. ფესტივალი 12:00-დან 19:00 საათამდე გასტანს.

ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა - გაყიდვა იგეგმება.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით: უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა.

”აქ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს. ღვინის ისტორიის გაცნობა შესაძლებელი იქნება, როგორც ღვინის დაგემოვნებით, ასევე წიგნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა ”პალიტრა L”, რომლის სტენდზეც მრავლად ნახავთ წიგნებს ღვინის შესახებ. აქვე იქნება კომპანია VR House, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ქართულ ტრადიციებში, ღვინის წარსულში გამოგზაურებთ. ასევე მოეწყობა ქართული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა - გაყიდვა, იქნება ქართული თანამედროვე მუსიკაც და ფოლკლორი.

allwine.ge ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომელიც მიზნად, ასევე, ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს. ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!” - ასე ჰქვია აღნიშნულ პროექტს. ფესტივალის მონაწილე 40-მდე მწარმოებელი 1 თეთრ და 1 წითელ ღვინოს წარადგენს და ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იწარმოებს. შემდეგი ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იქნება. საბოლოოდ, ხალხის რჩეულიდან 10 საუკეთესო ღვინოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს”, - ნათქვამია ორგანიზატორების ინფორმაციაში.