ქართული ღვინის ფესტივალი 2017 - ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. აქ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს.

ღვინის ისტორიის გაცნობა შესაძლებელი იქნება როგორც ღვინის დაგემოვნებით, ასევე წიგნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა "პალიტრა L", რომლის სტენდზეც მრავლად ნახავთ წიგნებს ღვინის შესახებ. აქვე იქნება კომპანია VR House, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ქართულ ტრადიციებში, ღვინის წარსულში გამოგზაურებთ. მოეწყობა ღვინის შადრევანიც, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

მრავალმხრივია ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც. ფესტივალს შემოუერთდა პანტომიმისა და დრამის მსახიობებისგან შემდგარი გუნდი Art Shok Company. მიმები იზრუნებენ , რომ სტუმრებს საუკეთესო განწყობა შეუქმნან და "ქართული ღვინის ფესტივალი 2017" განსაკუთრებული გახადონ. მუსიკალურად კი ქართული ფოლკლორული ანსამბლები "ჰერიოს კვარტეტი" და "სამება" გააფორმებენ.

ორგანიზატორებს უყურადღებოდ არც პატარა სტუმრები დაუტოვებიათ. მთელი დღის განმავლობაში სპეციალურად მათთვის იმუშავებენ "ბიბლუსის" თანამშრომლები, რომლებიც პატარებს სახეზე მოხატავენ და გაართობენ.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" ის ღონისძიებაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, თუმცა თუ მაინც ვერ ახერხებთ დასწრებას, მოსულ მეგობრებსა და ახლობლებს თქვენთვის განსაკუთრებული საჩუქრების შეძენა შეეძლებათ, რადგან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხელნაკეთი აქსესუარები და კრაფტის კუთხე.

როგორც უკვე ცნობილია, "ქართული ღვინის ფესტივალი 2017" ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით 15 ოქტომბერს შარდენის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელიც 12:00-და 19:00 საათამდე ღია იქნება სტუმრებისთვის, მცირე, საშუალო და დიდი მწარმოებლები საკუთარ ღვინოებს წარადგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, თაფლი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

allwine.ge ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომელიც მიზნად, ასევე, ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს. "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" - ასე ჰქვია აღნიშნულ პროექტს. ფესტივალის მონაწილე 40-მდე მწარმოებელი 1 თეთრ და 1 წითელ ღვინოს წარადგენს და ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იწარმოებს. შემდეგი ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იქნება. საბოლოოდ, ხალხის რჩეულიდან 10 საუკეთესო ღვინოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017-ის" გენერალური სპონსორია "ხალიკ ბანკი საქართველო". ღონისძიების პარტნიორები არიან: "საქართველოს სომელიეთა ასოციაცია", ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia".