100 ათას ლარამდე სესხის ეროვნულ ვალუტაში გაუცემლობის შემთხვევაში სესხის გამცემი  შესაძლოა 1 000 ლარით დაჯარიმდეს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტრო, ხოლო პარლამენტში ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ცვლილებების თანახმად, პირს, რომელიც ასი ათას ლარამდე სესხს ფიზიკურ პირზე ეროვნული ვალუტის გარდა სხვა ვალუტაში გასცემს, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილების მიზანია შეიქმნას მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს სასესხო ურთიერთობებში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით კიდევ უფრო ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.

„სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილი გულისხმობს, რომ ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა სუბიექტების მიერ რიგ შემთხვევებში მოცემული მოთხოვნა ირღვევა, ამგვარი ქმედების პრევენციის მიზნით ჯარიმის დადგენაა აუცილებელი,“- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ პირზე 100 ათას ლარამდე სესხი ეროვნული ვალუტაში არ გაიცემა, სესხის გამცემი გაფრთხილდება, ხოლო თუ გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევა არ გამოსწორდება, სესხის გამცემი პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე, რადგან მათთან მიმართებით სასესხო ურთიერთობებში მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ეროვნული ბანკი საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს.

შესაბამისად, რეგულაცია არ ვრცელდება საფინანსო სექტორის შემდეგ წარმომადგენლებზე: კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი.

რაც შეეხება დარღვევის გამოსწორებას, კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი 100 ათას ლარამდე სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნას აღარ დაარღვევს. აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე ქმედების გაგრძელება პირის მიერ ახალი დარღვევის ჩადენად ითვლება და მის მიმართ საქმის წარმოება თავიდან იწყება.