რა ქონებასა და ბიზნესს ფლობენ ზუგდიდის მერობის კანდიდატები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ზუგდიდისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მერობისა და პარტიული სიის 1-ლი ნომრების ქონებისა და ბიზნესების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

კვლევის თანახმად, ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა გოგია, ფლობს 100% წილს შპს "მედჰაუსში“, შპს-ს დირექტორი კი ლაშა გოგიას მამა ალმერი გოგიაა. თუმცა ეს ინფორმაცია დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული. ლაშა გოგია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, ასევე საცხოვრებელ სახლს ქალაქ ზუგდიდში. პარტიული სიის პირველი ნომერი არის მამუკა წოწერია, რომლის მეუღლეც ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ქალაქ ზუგდიდში. მამუკა წოწერია ასევე არის შპს” ზუგდიდის ეთერზეთების კომპანიის” 100%-იანი წილის მფლობელი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლევან კონჯარია, ფლობს ორ ბინას ზუგდიდსა და თბილისში, ორ საცხოვრებელ სახლს ზუგდიდში, მიწის ორ ნაკვეთსა და ოთხ არასაცხოვრებელ ფართს ზუგდიდში. ლევან კონჯარიას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “ელიტ ბრენდ კომპანის” 25% -იანი წილის მფლობელი, მისი შვილი ოთარ კონჯარია კი შპს “ ექსპრეს პრინტინგის” 100% -იანი წილის მფლობელი. ლევან კონჯარიამ 2016 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2 999 ლარი შესწირა. რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერს ანა წითლიძეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მის სახელზე ქონება არ არის რეგისტრირებული.

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი არის ლელა ქებურია, რომელიც ფლობს საცხოვრებელ ბინას ქალაქ ზუგდიდში. ლელა ქებურიას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე გიორგი ჯიქია არის შპს “დლგ ჯგუფის” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი. ქებურიამ 2017 წელს პარტიას “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”თანხა ორჯერ, ჯამში 10 000 ლარის ოდენობით შესწირა. „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი ბათლომე შელია არის შპს “ნიგი 21” -ის 50% -იანი წილის მფლობელი და დირექტორი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.

“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს” პარტიული სიის პირველი ნომერი გურგენ სართანიაა, ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს ზუგდიდში.

„პატრიოტთა ალიანსის” რიგებიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავაა, რომელიც ფლობს მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში. საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი კი კახაბერ სარიაა, რომელზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ინფორმაცია ვერ მოიპოვა.

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი (ზვიად) სიჭინავას სახელზე რაიმე სახის ქონება არ არის რეგისტრირებული, თუმცა იგი არის შპს “ბაიაზუგდიდის” 90%-იანი წილისა და შპს “სამარგალოს”-ს 100% -ის მფლობელი.

რაც შეეხება, ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში: ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია ფლობს საცხოვრებელ სახლსა და არასაცხოვრებელ ფართს ხობში, ასევე მიწის ორ ნაკვეთს მცხეთაში ჯამური ფართობით 4 700 კვ. მეტრი, ასევე 24 000 კვ. მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში. აღსანიშნავია, რომ ბოლო დეკლარაციის შევსების შემდგომ გოჩა ქაჯაიამ ქალაქ თბილისში შეიძინა ბინა.

ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ექვსი სხვადასხვა ქონების მფლობელი ან თანამესაკუთრეა, კერძოდ მის საკუთრებაშია: საცხოვრებელი ბინა ქალაქ თბილისში; არასაცხოვრებელი ფართი და 601 კვ. მეტრის არასასოფლო დანიშნულების მიწა და შენობა-ნაგებობა ფოთში. გოჩა კურდღელია ასევე არის ქალაქ ფოთში მდებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე.

„ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათიაა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნე¬ბელი და დირექტორია. კომპანია რამდენიმე ტენდერის, მათ შორის აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია. აღნიშნულმა შპს-მ სულ 8 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 166 622 ლარი შეადგინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან მაკალათიას სახელზე ქონება არ არის რეგისტრირებული.

სენაკის მერობის კანდიდატი ლევანკუპრეიშვილი ფლობს საკარმიდამო ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ბინას ქალაქ სენაკში. ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი დათო გოგუა ფლობს ორ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფლებში ნაფიჩხოვო და ნაკიანი, ასევე ორ სახლს თბილისში.

მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა ფლობს ორ ბინას რუსეთის ფედერაციაში, ორ ბინას თბილისში, ერთ სახლს მარტვილში, ორ მიწის ნაკვეთს მარტვილში, ხუთ მიწის ნაკვეთს თბილისში, ერთ მიწის ნაკვეთს დაბა ურეკში.

წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია ფლობს ბინას თბილისში, მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლს, ავტოფარეხს და ორ არასაცხოვრებელ ფართს წალენჯიხაში. მესტიის მერობის კანდიდატი კი „ქართული ოცნების“ რიგებიდან კაპიტონ ჟორჟოლიანია. ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ბინას თბილისში, საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს მესტიის მუნიციპალიტეტში.