კომპანია "გრინ დეველოპმენტმა" ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოიტანა

დეველოპერულმა კომპანია "გრინ დეველოპმენტმა" ბიზნესის განვითარებისთვის ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალი ობლიგაცია გამოიტანა, წლიური 11%-იანი სარგებლის დარიცხვით.

როგორც კომპანია იუწყება, ინვესტიციის მოზიდვის მიზანს სამშენებლო ბიზნესის გაფართოება წარმოადგენს.

კომპანიის წარმომადგენლებმა საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო "ბილტმორში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს, რომელსაც ესწრებოდა როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება ამ ინიციატივას, მითუმეტეს მიმდინარეობს კაპიტალის ბაზრის ფორმირების რეფორმა და მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ჩართულია ამ პროცესში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.

კომპანიამ ფასიანი ქაღალდების განთავსების ლეგიტიმური უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც მას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ემისიის პროსპექტი დაუმტკიცა და დაურეგისტრირა 2017 წლის 6 სექტემბრის #94 განკარგულებით.

"ჩვენ გამოვუშვით 2 მილიონი დოლარის ნომინალის ფასიანი ქაღალდები, რომელიც გახლავთ ორწლიანი და 11%-იანი საპროცენტო განაკვეთი. მისი ნომინალური ღირებულება გახლავთ 40 000 აშშ დოლარი. ეს მოხმარდება მხოლოდ „მწვანე უბანი ლისთან“ პროექტის საქმიანობას. ამ ეტაპზე უბნის მშენებლობა სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი ფაქტიურად დასრულების ეტაპზეა. 4 სახლს ვაბარებთ თეთრი კარკასით და ექსპლუატაციაში ეს ნაწილი ნოემბერ-დეკემბერში ჩაბარდება. ფასიანი ქაღალდების შესაძენად ძალიან მარტივი პროცედურებია გასავლელი“, - განაცხადა კომპანია „გრინ დეველოპმენტის“ ერთ-ერთმა დირექტორმა მამუკა მაჭავარიანმა.