მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, ონლაინ სესხების ბაზარზე დღემდე მოქმედებენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლისთვის შეთავაზებული სასესხო პირობებით სავარაუდოდ, სამოქალაქო კოდექსს არღვევენ.
კომპანია „კრედიტბეთი“, რომელიც მოქალაქეებს კრედიტს გასართობი მიზნებისთვის, ბუკმეიკერული თუ ონლაინ თამაშებისთვის სთავაზობს, კრედიტის დასამტკიცებლად მომხმარებლისგან მათ პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად გადაღებულ „სელფის“ ითხოვს. ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ 10, 20 და 30 ლარის ოდენობის თანხას გასცემს, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს თანხა ეტაპობრივად იზრდება.
რაც შეეხება პირობებს, კომპანია კრედიტს 3 დღით გასცემს, რის შემდეგაც 10 ლარის მიღების შემთხვევაში მომხმარებელს 11 ლარის; 20 ლარის შემთხვევაში -22-ის; ხოლო 30 ლარის მიღების შემთხვევაში - 33 ლარის დაბრუნება მოუწევს. გასესხებული თანხების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე არსებული სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორის მიხედვით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 10 867 021.02% ; 10 866 893.05% და 10 866 893.05%-ი გამოდის.
„კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (72 საათის შემდეგ) 20 დღის განმავლობაში საურავად განისაზღვრება აღებული კრედიტის 10%, ხოლო 31-ე დღეს თქვენი მონაცემები ავტომატურად მოხვდება ბანკებისა და სწრაფი სესხების პროვაიდერების შავ სიაში. კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში საიტი იტოვებს უფლებას თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირს, მათ შორის სს “კრედიტინფო საქართველოს“ მიაწოდოს. თქვენი კრედიტის ლიმიტი პერიოდულად იზრდება დაფარული კრედიტებიდან გამომდინარე,“- ნათქვამია კომპანიის გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის მიზანიც სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვა იყო, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ იყო შემუშავებული.
შესაბამისად, სწორედ მათთან შევეცადეთ გაგვერკვია - არღვევს თუ არა კომპანია სამოქალაქო კოდექსს, ვინ არეგულირებს აღნიშნულ საკითხს და რა სანქციებია ასეთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.
როგორც ირკვევა, აღნიშნული საქმიანობა რომელიმე უწყების მიერ არ რეგულირდება და კომპანიის მიერ სავარაუდო დარღვევის შესახებ დაინტერესებულმა მხარემ სასამართლოს უნდა მიმართოს.
ამასთან, როგორც სებ-ში გადავამოწმეთ, კომპანია ეროვნულ ბანკში არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად არც მათი რეგულირების ქვეშაა. რეესტრის მონაცემებით კი, შპს „კრედიტბეთი“ 2014 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილი გიორგი კაკაშვილს ეკუთვნის.
როგორც "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ონლაინ-სესხის გამცემი კომპანიების საქმიანობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი, რომლითაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წლიურად 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მისივე თქმით, თუ რომელიმე კომპანია სამოქალაქო კოდექსს არღვევს, ამ შემთხვევაში შესაძლოა მათ მიერ მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად ჩაითვალოს.
„ეროვნული ბანკი ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს არ არეგულირებს. მათი საქმიანობა სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება. იმ შემთხვევაში თუ კომპანია კოდექსით დადგენილ ნორმებს არღვევს, მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულება შესაძლოა ბათილად ჩაითვალოს და მსესხებელს შეუძლია კომპანიას თანხა აღარ დაუბრუნოს,“- აცხადებს კეპულაძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინფორმირებულობა, რომ თუნდაც ონლაინ სესხზე საპროცენტო განაკვეთი თვეში საშუალოდ 6%-ზე მეტი არ უნდა გამოდიოდეს.