დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი დელანოისა და აღნიშნული ორგანიზაციის ალტერნატიულ ხელმძღვანელს, რიჩარდ დორნბოშს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, საუბარი წარიმართა საქართველოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმატებულ თანამშრომლობაზე, აგრეთვე ფონდის დაახლოებით ერთი კვირის წინ დასრულებულ მისიაზე საქართველოში, რომლის დროსაც დადებითად შეფასდა არა მხოლოდ პროგრამის მიმდინარეობა, არამედ სამთავრობო რეფორმები და რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საფუძვლად დაედო ფონდთან საქართველოს პროგრამას, აგრეთვე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს, დიმიტრის ციცირაგოსს და კორპორაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ორგანიზაციის პროგრამები საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.