სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა - დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შესაბამისი ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

როგორც ცნობილია, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ მიხედვით, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარით უნდა გაიცეს. მთავრობის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სუბიექტების მიერ ხდება მოცემული მოთხოვნის დარღვევა, აუცილებელია დადგინდეს ჯარიმა ამგვარი ქმედების პრევენციის მიზნით. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევა და აღნიშნულის შედეგად მომხმარებელთა ინტერესების შელახვა.

აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი აღარ დაარღვევს სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნას. სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე ქმედების გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მათთან მიმართებით მოცემული კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

სამართალდარღვევის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების ადმინისტრირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს.