თბილისელების 68% ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს

დღესდღეისობით თბილისში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას.

ეისითი დაინტერესდა, თუ რა სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობენ თბილისელები ყველაზე ხშირად და რამდენად აწუხებთ მათ გადატვირთული მოძრაობა.

როგორც „ეისითის“ კვლევის შედეგად გამოვლინდა, თბილისის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (68%) ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით (სამარშუტო ტაქსი, ავტობუსი, მეტრო) მგზავრობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ყველაზე ხშირად მგზავრობენ სამარშრუტო ტაქსებით (29%). ავტობუსები მგზავრობის ძირითადი საშუალებაა თბილისის მოსახლეობის 23%-ისთვის, ხოლო თბილისის მოსახლეობის 16% ძირითადად მეტროთი გადაადგილდება.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ თბილისის მოსახლეობის მეოთხედი (25%) მგზავრობისთვის ძირითადად საკუთარ/ოჯახის წევრის/ახლობლის ავტომობილს იყენებს. გადაადგილების ძირითად საშუალებად ტაქსებს თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 2% მოიაზრებს.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცების 40% მგზავრობისთვის ყველაზე ხშირად საკუთარ/ოჯახის წევრის/ახლობლის ავტომობილს იყენებს, მაშინ, როცა ძირითადად ავტომობილით ქალების მხოლოდ 14% გადაადგილდება. ქალების დიდი უმრავლესობა (79%) მგზავრობისთვის ძირითადად საზოგადოებრივ ტრანსპორტს ირჩევს.

ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია 18-24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.

თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (44%) აფიქსირებს, რომ სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობისას ყოველდღე ხვდება საცობში. მოსახლეობის 69% საცობში კვირაში ერთხელ მაინც ხვდება. თბილისის მაცხოვრებლები საშუალოდ 26 წუთს ატარებენ საცობში.

თბილისის მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის (84%) დედაქალაქში არსებული საცობების საკითხი ძალიან შემაწუხებელია.

*კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

წყარო: act-global.com