დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე ტაო ჟანგთან საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრას ასევე დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში მისი ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.

აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას და მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მაკროეკონომიკური პარამეტრები, აგრეთვე სამომავლო პროგრამები.