ვინ არის და რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი გორგოშაძე, რომლის გატაცებაც იგეგმებოდა

„ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის გატაცების მცდელობასთან მის ყოფილ მეუღლეს ნინო დარსალიას არავითარი კავშირი არ აქვს - ამის შესახებ დარსალიას ადვოკატმა განაცხადა.

მისივე თქმით, გატაცების მცდელობის საქმის ფარგლებში სამართალდამცველებმა დარსალია უკვე გამოკითხეს და მის სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს. ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნინო დარსალიას მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს თავად გია გორგოშაძემ მოაწოდა.

ბიზნესმენის, „გორგიას“ მფლობელის გატაცებისა და 5 მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით შს სამინისტრომ 4 პირი გუშინ დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულები გორგოშაძის გატაცებას სწორედ გუშინ აპირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გორგოშაძის გატაცებას საქართველოს 3 და უცხოეთის 1 მოქალაქე გეგმავდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია ვინ არის, რას საქმიანობს და რა ქონებას ფლობს გია გორგოშაძე. აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მდიდარ ბიზნესმენს სკანდალები არ აკლდა, რაც პირველ რიგში მისი და მისი ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ურთიერთობას უკავშირდებოდა.

გორგოშაძეVSდარსალია-დირექტორთა საბჭო

უკვე რამდენიმე წელია გორგოშაძესა და მის პირველ ცოლს შორის ბიზნეს საქმიანობის გამო დაპირისპირებაა. გია გორგოშაძეს ნინო დარსალიამ თბილისის პროკურატურაშიც უჩივლა და ქონების ნახევარს სთხოვდა. როგორც დარსალია ოთხი წლის წინ აცხადებდა, „გორგიას“ ქონება 100 მილიონს აღწევს და მისი მტკიცებით მას ამ ბიზნესის 50% ეკუთვნის. მისივე თქმით, ბიზნესი ყოფილმა მეუღლეებმა ერთად დაიწყეს და განავითარეს, რაშიც მისი კონტაქტები და საწყისი კაპიტალი გამოიყენეს.

„ორი კილოგრამი ოქრო მქონდა და მოტყუებით ბიზნესში ჩამადებინა. ცოლად როდესაც გავყევი, ორი მაღაზია და საოფისე შენობის კარკასი ჰქონდა, ახლა კი 100 მილიონი აქვს,“-აცხადებდა დარსალია.

გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს კომპანიის დირექტორთა საბჭოს 6 წევრიც ედავებოდა. საბჭოს წევრების ცნობით, რამდენიმე წლის წინ, „გორგია“ იქ არსებული მაქინაციების გამო, დირექტორთა საბჭოს მთელმა შემადგენლობამ დატოვა და გორგოშაძემ მათ კუთვნილი 2% არ მისცა.

ბიზნესმენის ქონება

ბათუმის საკონსერვო ქარხანა, სახლმშენებელი კომბინატი, მიწები და ფართი თბილისში, სახლები თბილისში, ბათუმში, ასევე სახლი თურქეთში - ეს იმ ქონების ნაწილია, რასაც ბიზნესმენის ყოფილი ცოლის განცხადებით გორგოშაძე 2013 წლის მდგომარეობით ფლობდა. თუმცა, მისივე თქმით, ბიზნესმენმა დამალვის მიზნით ეს ქონება მამაზე, დაზე და სიძეზე გადააფორმა.

„გორგოშაძე“ და ფინანსური მაქინაციები

„გორგია“ რამდენჯერმე ფინანსური პოლიციის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. როგორც 2007 წელს humanrights.ge წერდა, ფინანსურ პოლიციას იმ პერიოდში შპს “გორგიას” კუთვნილი ქონება დალუქული ჰქონდა. ოფიციალურად, ამის მიზეზად, საგადასახადო დეკლარაციებში აღმოჩენილი უზუსტობები სახელდებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი შპს-ს მეპატრონეს ხუთ მილიონ ლარს ან რომელიმე მსხვილი ობიექტის დათმობას სთხოვდნენ.

აჭარის ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსის მოადგილე, მამუკა დარჩია აცხადებდა, რომ “გორგიაში” სერიოზული დარღვევები იყო დაფიქსირებული. კერძოდ, მისი ცნობით, ფირმის მიერ საქონელი საბაჟო წესების დარღვევით იყო განბაჟებული. ამასთან, ფინანსური პოლიციის თბილისის განყოფილებამ სხვა ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება და ეს საქმე გაერთიანდა. ჯამში, კონკრეტულად რა თანხებზე იყო საუბარი, დარჩია ვერ აკონკრეტებდა, თუმცა მისი ვარაუდით შესაძლოა რამდენიმე ასეულ ათასზეც ყოფილიყო საუბარი.

„გორგიას“ ხელმძღვანელობის მტკიცებით კი, მათი ბუღალტერია „თეთრი“ იყო, ხოლო უზუსტობების აღმოსაფხვრელად მზად იყვნენ ჯარიმა გადაეხადათ.

პუბლიკაციაში საუბარია იმაზეც, რომ “გორგია” ფინანსურმა პოლიციამ 2006 წელსაც შეამოწმა და დალუქა. მაშინ გამოძიება საწარმოს ოთხ მილიონ ლარს ედავებოდა. ფირმის დირექტორის, ხვიჩა პაპუნიძის განცხადებით კი, ფინანსური პოლიციის ინფორმაცია, მაშინ არ დადასტურდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შპს "ბიემსი გორგია"-ში ფინანსური პოლიცია 2014 წელსაც შევიდა.

„გორგოშაძემ ქვეყანა დატოვა“

ბიზნესმენის მიერ ქვეყნის დატოვებაზე საუბრობდა 2007 წელს „გორგიას“ დირექტორი, ხვიჩა პაპუნიძე. მისი ცნობით, გორგოშაძემ საქართველო 2006 წელს „გორგიაში“ ფინანსური პოლიციის შესვლის შემდეგ დატოვა და კომპანიას საზღვარგარეთიდან მართავდა. გორგოშაძის წასვლის ოფიციალურ მიზეზად პაპუნიძე უცხოელ პარტნიორებთან მის ხშირ შეხვედრებს ასახელებდა. არაოფიციალური ვერსიით კი, გორგოშაძე მოსალოდნელ საფრთხეს გაექცა.

ბიზნესმენის კავშირები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებასთან“

გორგოშაძის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ცნობით, ბიზნესმენს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თბილისის ყოფილ მერთან გიგი უგულავასთან. მისივე თქმით, ბიზნესმენი გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აფინანსებდა. გორგოშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაზე საუბრობდნენ „გორგიას“ დირექტორთა საბჭოს ის წევრებიც, რომლებიც ბიზნესმენს 2%-იან წილს ედავებოდნენ. მათი ცნობით, 2015 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას სწორედ „გორგია“ აფინანსებდა - უბეჭდავდა ჟურნალებს, ფლაერებს და პლაკატებს. ამასთან, დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრები, გორგოშაძის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ურთიერთობაზეც საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ „ცალი ხელით თამაზ თამაზაშვილის კარზე დარბის - ფინანსურია შემოსული და მიშველეთო, მეორე ხელით ჩუმად „ნაციონალებს“ აფინანსებს, ვაითუ დაბრუნდნენ მთავრობაშიო“.

„გორგია“ 1998 წელს დაარსდა, დღეს კი ქვეყნის მასშტაბით 5 ფილიალითაა წარმოდგენილი. აქედან 2 ფილიალი თბილისში, თითო-თითო კი ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშია. სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების კატეგორიაში „გორგია“ წამყვანი სავაჭრო ჯგუფია ამიერკავკასიაში. კომპანია ხუთ მიმართულებას აერთიანებს: გორგიას საცალო გაყიდვების მიმართულება მოიცავს სამივე საფასო სეგმენტს: „ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია“, „იკეა შოპი“ და „გორგია პრემიუმი“. საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით კი „გორგია“-ს, „გორგია დისტრიბუცია“-ს და „გორგიას კორპორაციულ გაყიდვებს“ აერთიანებს.

თაია არდოტელი