„მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება დამატებითი ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“

„მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა ამ ეტაპზე. ამავე დროს ვისაუბრეთ შემდეგი მიმოხილვის მაჩვენებლებზე და იმ რეფორმების მიმართულებებზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს პროგრამაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მენეჯმენტის მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პროგრამა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და ის უკვე არის იმ დადებითი გზავნილების საფუძველი, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში. ასევე ხაზი გაესვა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, უნდა შენარჩუნდეს, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება დამატებითი ინვესტიციებისთვის ქვეყანაში", - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, აგრეთვე დონორებისა და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.