მცირე და საშუალო ბიზნესი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის

საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება.

საუბარია, რეფორმაზე, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს ანუ იმ კომპანიებს შეეხება, რომელთა წლიური ბრუნვა 2 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდეა, ხოლო აქტივები - მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე, კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი - 10-დან 250-მდეა.

რეფორმის შესახებ იყო საუბარი დღეს ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივითა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას. ამასთან, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, კომპანიებს ახალი შესაძლებლობები გაეხსნებათ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე. გარდა ამისა, კომპანიებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება შესადარისობა, ე.წ. „ბენჩმარკინგი“.

„რეფორმის მიზანია საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობის ზრდა და ევროკავშირის და მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა.

გაუმჯობესებული ანგარიშგების ხარისხი მცირე და საშუალო კომპანიებს საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის უფრო ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება. კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება ბანკთან კომუნიკაციისას კომპანიის სანდოობას გაზრდის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს დააჩქარებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გამარტივდება და ვადებში დაჩქარდება ანალიზის პროცედურა ბანკირისთვის, რომელიც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებას ახორციელებს. ეს კი ანალიტიკოსს საშუალებას მისცემს კომპანიის რეალურ საქმიანობაზე, ინდუსტრიასა და სექტორის ანალიზზე მეტი დრო დახარჯოს,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

იმისათვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა ახალ სტანდარტებზე გადასვლა უმტკივნეულოდ შეძლონ, „თიბისი ბანკი“ მათ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და ჯგუფურ ტრენინგებს სთავაზობს.

„ნებისმიერი კომპანიის წარმომადგენლებს, მმართველ დირექტორებსა და ფინანსურ მენეჯერებს, შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ ტრენინგებს თიბისი ბიზნესის ახალ სივრცეში, რომელიც დეკემბერში გაიხსნება. ტრენინგებს ჩაატარებენ კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც მონაწილეებს დეტალურად განუმარტავენ, თუ როგორ უნდა გახადონ თავიანთი კომპანიის ბიზნეს საქმიანობა უფრო გამჭვირვალე, კერძოდ, როგორ წარადგინონ და გაასაჯაროონ ანგარიშგებები კანონის მოთხოვნების შესაბამისად,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი ევროპის ყველა ქვეყანაში, ასევე რუსეთში, ჩინეთში, ავსტრალიაში, კანადასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მოქმედებს.