„უნგრეთი შესაძლოა ევროზე უფრო ადრე გადავიდეს, ვიდრე ამას ქვეყნის მთავრობა გეგმავდა“

უნგრეთმა შესაძლოა ეროვნულ ვალუტაზე უარი თქვას და ევროზე უფრო ადრე გადავიდეს, ვიდრე ამას ქვეყნის მთავრობა გეგმავდა. ამის შესახებ OTP Bank-ის ხელმძღვანელმა შანდორ ჩანიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვის ახალი ტალღა იმ ქვეყნებსაც შეეხება, რომლებიც ადრე ევროზე გადასვლაზე უარს ამბობდნენ.

„უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთის და ჩეხეთის ხელისუფლებებმა, კრიტერიუმების უმეტესობის დაკმაყოფილების მიუხედავად, ევროს მიღების თარიღების დადგენაზე უარი თქვეს. ბუდაპეშტი ეროვნული ვალუტის გაუქმებას არ იჩქარებს, მაგრამ ადრე თუ გვიან უფრო ღრმა ინტეგრაციისგან მოშორებით ყოფნას აღარ მოისურვებს. საბოლოო ჯამში უნგრეთი ევროზონას შეუერთდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ბოლო მომენტამდე გავაჭიანურებთ“, - აღნიშნავს შანდორ ჩანი.